24 თებერვალი, 45 წლის - გიორგი სანაიას დაბადების დღე
ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში, მისი ძმის გიორგი სანაიას ფოტოს აქვეყნებს, წარწერით: „24 თებერვალი. 45 წლის.“
ღამის კურიერის ცნობილი ტელეწამყვანი 2001 წლის 26 ივლისს თბილისში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მედიის წარმომადგენლები, ასევე, მოკლული ტელეწამყვანის ახლობლები მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო ბრძოლა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ იმავე წელს გიორგი სანაიას მკვლელობის ბრალდებით 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა გიორგი ხურცილავას.
2018 წელს „ახალი მტკიცებულებების საფუძველზე“ გამოძიება განახლდა - მიზეზი ერთ-ერთი მსჯავრდებულის განცხადება გახდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჟურნალისტის მკვლელობა მთავრობაში დაიგეგმა და ის საქართველოს N1 ტერორისტად აღიარებულმა კრიმინალმა, შოთა ჭიჭიაშვილმა შეასრულა. ჭიჭიაშვილი 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში სპეცოპერაციისას მოკლეს.
ირანთან ავიამიმოსვლა შეჩერებულია
ირანთან ავიამიმოსვლა დღის ბოლომდე შეჩერებული იქნება. საჰაერო სივრცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სახელმწიფომ გუშინ მიიღო. მიზეზი, კი ირანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის სწრაფი ზრდაა. ჯერჯერობით ღია რჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა ვითარების კიდევ უფრო გართულების შემთხვევაში, ისიც ჩაიკეტება. საჰაერო მიმოსვლა ირანთან 24 საათით არის შეწყვეტილი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია გაგრძელდება თუ არა აკრძალვა ავიაფრენებთან დაკავშირებით.
კორონავირუსის საფრთხის გამო, ირანთან საზღვარი სომხეთმაც ჩაკეტა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, შეჩერდება ირანსა და სომხეთს შორის საჰაერო მიმოსვლა, ასევე „მეგრის“ გამშვები პუნქტის გავლით სომხეთში პირების შემოსვლა. ნიკოლ ფაშინიანმა განცხადება საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ შეზღუდვა სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მისი ინფორმაციით, დღესვე კორონავირუსის პრევენციის კომისია შეიკრიბება, რომელზეც სამომავლო ნაბიჯები, და შესაძლო სცენარები იქნება განხილული. ფაშინიანის თქმით, აღნიშნული კომისია 31 იანვრის შემდეგ მუშაობს. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ირანთან საზღვარი ჩაკეტა პაკისტანმა, თურქეთმა და ავღანეთმა.
კორონავირუსი იტალიაში და საქართველოს საელჩოს განცხადება
საქართველოს საელჩო იტალიაში მყოფ ქართველებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. უწყება საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ იტალიის მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვისთვის აუცილებელი ყველა რჩევა და განკარგულება გაითვალისწინონ. გაფრთხილების შესახებ განცხადება საელჩოს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში წერია, რომ განსაკუთრებული მდგომარეობის გარდა, უმჯობესი იქნება თუ მოქალაქეები საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან თავს შეიკავებენ და დაიცავენ ჰიგიენის წესებს. ბოლო ინფორმაციით, იტალიაში ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა უკვე 150-ს აჭარბებს.
კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იტალიაში 3-მდე გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, საშიში ვირუსი 152 ადამიანს დაუდგინდა. აქედან 25 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი. იტალიის ტერიტორიაზე დაინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ლომბარდიაში გამოვლინდა. ავსტრიამ დროებით შეაჩერა იტალიასთან სარკინიგზო მიმოსვლა. ავსტრიის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ეჭვი გაჩნდა, რომ ერთ-ერთ მატარებელში მგზავრებს საშიში ვირუსი ჰქონდათ. ამ დროისთვის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგენილია.
კორონავირუსი ჩინეთში - უახლესი ცნობები
კორონავირუსით, იგივე COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა ჩინეთშიც. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვირუსის შედეგად გამოწვეული პნევმონიით, 150 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადების გავრცელების ეპიცენტრში, დაღუპულთა რიცხვმა 2 592-ს მიაღწია, დაინფიცირებულია 77 000-ზე მეტი ადამიანი. 18 000-ზე მეტი პირი კი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოებიდან გაწერეს.
საქართველოში ჩინეთიდან დამატებით სამუშაო ძალებს აღარ ჩამოიყვანენ
საავტომობილო გზების დეპარტამენტში დასაქმებული ჩინური კომპანიები ჩინეთიდან დამატებითი სამუშაო ძალებს აღარ ჩამოიყვანენ. შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. ინფორმაციის მიხედვით, მათი შემოყვანა მას შემდეგ განახლდება, რაც შესაბამისი სამსახურები დარწმუნდებიან, რომ კომპანიები დაავადების პრევენციისთვის საჭირო ყველა სტანდარტსა და რეკომენდაციას იცავენ.
შეზღუდვა სამინისტრომ ხარაგაულში არსებული პროტესტის შემდეგ დააწესა. სოფელ საქასრიაში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები ობიექტზე ჩინეთის მოქალაქეების ყოფნას აპროტესტებდნენ. ჩინეთის შვიდივე მოქალაქეს ჩინეთში გავლილი ჰქონდა ორკვირიანი კარანტინი, თუმცა სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ისინი ბორითში, კვლავ კარანტინში გადაიყვანეს.
ხანძარი ზემო ლილოში
ზემო ლილოში, ნასაგურის დასახლებაში გუშინ ღამით ხანძარი იყო. აალება, სავარაუდოდ, მწყემსის დაუდევრობამ გამოიწვია. სამაშველო ჯგუფის მისვლის დროს ცეცხლი დაახლოებით 700 მეტრზე იყო გავრცელებული, თუმცა ქარის გამო, დამწვარია 6 ჰექტრამდე ტერიტორია. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობდა და ხანძრის ლოკალიზება გუშინ ღამითვე შეძლეს.
შეხვდებიან თუ არა დამოუკიდებელი დეპუტატები მმართველ გუნდს
დამოუკიდებელი დეპუტატები მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემის განსახილველად პირისპირ შეხვედრას არ აპირებენ. ფრაქციის წევრების თქმით, ისინი მოლაპარაკების მაგიდას იმ შემთხვევაში მიუსხდებიან, თუ ამ პროცესში სხვა ოპოზიციური პარტიებიც ჩაერთვებიან.
ფრაქციის წევრები მმართველ გუნდთან სხვა ოპოზიციური პარტიების გარეშე შეხვედრას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ შეხვედრა იქნება საჯარო და მას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილების პროცესში მაქსიმალურად ბევრი პარტია უნდა ჩაერთოს.
მოლაპარაკებების ბოლო კვირა
პოზიციებს არ თმობს და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე არ მიდის არც გაერთიანებული ოპოზიცია. საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის ბოლო კვირის ათვლა დაიწყო. ოპოზიციის წევრების თქმით, ქართული ოცნება კარგად იცნობს ოპოზიციის მოთხოვნებს და ისიც კარგად იცის თუ რა შემთხვევაში განახლდება მოლაპარაკებები.
მას შემდეგ რაც ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს, გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოლაპარაკებები მმართველ გუნდთან შეწყვიტა. დიალოგის გაგრძელების ერთადერთი გზა, კი როგორც ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლებაა.
ჩაანაცვლებს თუ არა ლილუაშვილი გახარიას
შეცვლის თუ არა სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას - ამ საკითხზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები განცხადებას აკეთებენ და ამბობენ, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაიკავებს პრემიერ მინისტრის პოსტს, მათი განცხადებით, ეს მხოლოდ სახელი და გვარების ცვლილება იქნება. გავრცელებული ინფორმაციით სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გახარია მარტის დასაწყისში უნდა ჩაანაცვლოს.
ოცნების აქტივისტების აქცია ევროპული საქართველოს ოფისთან
აქტივისტებმა, რომლებიც ქართული ოცნების პარტაქტივს წარმოადგენენ, ევროპული საქართველოს ოფისთან წუხელ კიდევ ერთხელ გამართეს აქცია. მათ ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშილის მანდატის დატოვება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა პარტიის ოფისის კარზე სტიკერები გააკრეს, წარწერით – „სიტყვით ევროპელები, საქმით ოკუპანტები". ახალგაზრდების ჯგუფი ხოშტარიასა და ნადირაშვილთან შეხვედრასაც ითხოვდა. ისინი უკვე მეხუთე დღეა ევროპული საქართველოს დეპუტატების მიერ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებენ.
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში
დღეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ელიან. ივანე მაჭავარიანი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე მოხსენებით წარდგება. მინისტრი „რუსთავი 2"-ის, „იმედის" და „მაესტროსთვის" სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკზე, 100 მილიონ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივებისა და აზარტული თამაშების რეგულაციების საკითხებს განიხილავს. მაჭავარიანის საკომიტეტო მოსმენას დამოუკიდებელი დეპუტატები ითხოვდნენ. როგორც ფრაქციის წევრები აცხადებენ, ისინი მინისტრს მწვავე კითხვებით შეხვდებიან.
მდინარე ფარავანზე შეზღუდვა დაწესდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახალქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებს. საქმე ფარავანჰესის დაცლას ეხება, რის შემდეგაც აუზის ფარები გაიხსნება და სოფელ ხერთვისამდე მდინარე ფარავნის დონე 40 სმ-მდე მოიმატებს. მდინარის ადიდების გამო გაზრდილი რისკიდან გამომდინარე, ფარავნის სიახლოვეს ნებისმიერი ფორმით გადაადგილება იკრძალება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, მეთევზეებსა და მოლაშქრეებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და არ დააყენონ სიცოცხლე საფრთხის ქვეშ. ოთხი დღის განმავლობაში, მდინარის დონის მომატებულ მონაკვეთებზე, პრევენციის მიზნით სამაშველო ჯგუფები იმორიგევებენ.
სამაშველო ოპერაცია თურქეთში
ცხრამდე გაიზარდა თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 50 ადამიანი. აქედან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. სამაშველო ოპერაცია დაზარალებულ რეგიონებში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილებს ეძებდნენ. 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთ-ირანის საზღვართან გუშინ დილით მოხდა. რამდენიმე საათში კი რეგიონში განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
ისრაელის საჰაერო იერიში
ისრაელის არმიამ ღაზასა და სირიაში პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ საჰაერო იერიშები განახორციელა. ისრაელის სამხედროების ინფორმაციით, საპასუხო დარტყმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ღაზადან ებრაული დასახლებების მიმართულებით 20-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ხოლო საჰაერო დარტყმების სამიზნეები ღაზაში და დამასკოს სამხრეთით მდებარე ჯიჰადისტების ობიექტები იყო. სირიის სამთავრობო ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ, ისრაელის არმიის რეკეტების დიდი ნაწილი ჩამოაგდო. პალესტინური მხარის ინფორმაციით, ღაზაში საჰაერო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
ტრამპის ვიზიტი ინდოეთში
ინდოეთში დღეს დონალდ ტრამპს ელოდებიან. მაღალი რანგის ვიზიტთან დაკავშირებით ქალაქ აჰმად-აბადში, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მშობლიური ქალაქია, უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული. შეერთებული შტატების პრეზიდენტი საავტომობილო შოუს დაესწრება და ქალაქის სტადიონზე მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. შემდეგ კი ქალაქ აგრაში, ტაჯ-მაჰალის მოსანახულებლად გაემგზავრება. ადგილობრივი ხელისუფლების პროგნოზით, დონალდ ტრამპის შესახვედრად ქალაქში ასობით ათასი ადამიანი მოიყრის თავს.
პატრიცია დელონის გამოფენა
ქართველი ემიგრანტის პატრიცია დელონის პირველ მასშტაბური გამოფენა გაყიდვა სილქ ფაქტორში გაიმართა. ხელოვანის შემოქმედება მის შინაგან სამყაროში არსებული პატარა გოგონით იყო ინსპირირებული.ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 100-მდე ქალის პორტრეტი, ამასთან პატრიციამ გამოფენაზე ლექსების კრებული სახელად „ეს ის გოგოა“ წარმოადგინა.
გამოფენა გაყიდვიდან შესული თანხა ქველმოქმედების მიზნით მარტოხელა დედათა და ბავშვთა ასოციაციას გადაერიცხება. ქართველმა ხელოვანმა საქართველო თექვსმეტი წლის ასაკში დატოვა , თუმცა საქართველოსადმი ძლიერი სიყვარულის გამო პირველი მასშტაბური გამოფენის ჩატარება სამშობლოში გადაწყვიტა.