პრემიერის საგანგებო ჯგუფი - ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა
საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლაც შეიზღუდა, ამის შესახებ გადაწყვეტილება საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს. საგანგებო უწყებათაშორის საკოორდინაციო ჯგუფს გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. საგანგებო ჯგუფი მთავრობის მეთაურმა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ შექმნა. პრემიერმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა ყველა უწყების წარმომადგენლებისგან ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების გზებისა და დაგეგმილი.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში
საქართველოში ახალი ვირუსის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამოგზაუროდ ირანში იმყოფებოდა და აზერბაიჯანის გავლით საქართველოში ბრუნდებოდა. 50 წლის მამაკაცს ტემპერატურა საზღვარზე დაუფიქსირდა, რის შემდეგაც ის ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, არსებობს საკმარისი საკარანტინე სივრცეები. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი სასწავლო პროცესსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გუშინწინ საავადმყოფოში მოთავსებული 19 პაციენტიდან 12 აბასთუმანში, ე.წ. საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ეზუგბაიას თქმით, დღეს კლინიკას კიდევ სამმა ადამიანმა მიმართა. მათი კვლევის შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. შესაბამისად, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 10 პაციენტი რჩება.
ფოთიდან თბილისში პაციენტი გადმოიყვანეს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ფოთის ჰოსპიტალიდან 18 წლის გოგონა გადაიყვანეს. მას მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა. წინასწარი ინფორმაციით გოგონა 2 კვირის წინ იტალიაში იმყოფებოდა. იტალიიდან დაბრუნების შემდეგ რამდენიმე დღეში კი გრიპის მახასიათებელი სიმპტომით მან ფოთის ჰოსპიტალს მიმართა.
ახალი პაციენტები ინფექციურ კლინიკაში
2 ახალი პაციენტის შესაძლო ინფიცირებასთან დაკავშირებით პასუხები დღეს გახდება ცნობილი. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების ბიოლოგიურ მასალას ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გააგზავნიან და პასუხები დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით ორ ახალგაზრდას აზერბაიჯანიდან გადმოსვლის დროს, საზრვარზე სიცხე დაუფიქსირდათ, რის შემდეგაც ისინი თბილისში გადმოიყვანეს.
პირბადეების დეფიციტი აფთიაქებში და შიში მოსახლეობაში
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ მოსახლეობა შიშმა მოიცვა; მოსახლეობის ნაწილმა დაიწყო პროდუქტების მომარაგება, რამაც მაღაზიებში რიგები და დაცარიელებული დახლები გააჩინა. დეფიციტია ასევე პირბადეებზე. მოქალქეებს მის შესაძენად რამდენიმე აფთიაქში მისვლა უწევთ, თუმცა პირბადეების მარაგი საკმარისი მაინც არ არის.
ინფექციონისტების რეკომენდაციები
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებას ეხმაურებიან ინფექციონისტები და ჯანდაცვის ექსპერტები. როგორც მაია ბუწაშვილმა და სერგო ჩიხლაძემ „პოლიტიკის ფორმულაში" განაცხადეს, ვირუსის დადასტურებამ მოსახლეობაში პანიკა არ უნდა გამოიწვიოს. ბუწაშვილი მოქალაქეებს რჩევებს აძლევს და ამბობს, რომ თავდაცვისთვის ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვან. სერგო ჩიხლაძის განცხადებით კი ამ ეტაპზე მთავარია ჯანდაცვის სისტემა პრობლემას გამართულად შეხვდეს.
ხორციელდება თუ არა შემოწმება სარფის გამშვებ პუნქტზე
სარფის გამშვებ პუნქტზე მგზავრების შემოწმება არ ხორცეილდება. ამის შესახებ ფორმულა ნიუსს "ლელოს საქართველოსთვის" წევრი ირაკლი კუპრაძე უყვება. მისი თქმით, მან გადამოწმების მიზნით სარფის გამშვები პუნქტი გადაკვეთა, რამდენიმე საათში კი ისევ უკან დაბრუნდა. კუპრაძის ინფორმაციით, არც მისი და არც სხვა მგზავრების შემოწმება გამშვებ პუნქტზე არ მომხდარა. ლელოს წევრს გადამოწმების სურვილი, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ტემპერატურის მქონე ირანის ორი მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს.
შეწყდება თუ არა სასწავლო პროცესი სკოლებში?
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება. მინისტგრი ირწმუენბა, რომ არ არსებობს არანაირი ეპიდემიური საფრთხე.
ოპოზიცია კორონავირუსზე
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი მოსახლეობას მოუწოდებს კორონავირუსის გამო, პანიკას არ აყვნენ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოსახლეობას ყველა საჭირო ინვენტარსა და საკვებზე წვდომა ჰქონდეს. ასევე, მისი თქმით, მთავრობამ არ უნდა დაუშვას, რომ სააფთიაქო ქსელებში პირბადის დეფიციტი არსებობდეს. დეპუტატმა იმ სტატისტიკაზეც ისაუბრა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არსებობს. კერძოდ, წერეთელი დაინფიცირებულთა განკურნების სტატისტიკაზე საუბრობს და ამბობს, რომ დავირუსებული ადამიანების 80% გართულების გარეშე იკურნება.
შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას მიმართავს და მოუწოდებს, რომ მოსახლეობას პირბადეები დაურიგონ. ლეიბორისტების ლიდერი ხელისუფლებისგან ასევე მოითხოვს, რომ, შეწყვიტონ სწავლა ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში. მისივე განცხადებით, მთავრობამ ირანთან საზღვარი აქამდე იმიტომ არ დაკეტა, რომ მას სურს საზოგადოების ყურადღება, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის შეცვლაზეა ორინეტირებული, სასიკვდილო ვირუსისკენ მიმართოს.
კარანტინი ოკუპირებულ აფხაზეთში
კორონავირუსთან დაკავშირებით ოკუპირებულ აფხაზეთში კარანტინი გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დე ფაქტო მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არამხოლოდ ოკუპირებულ რეგიონში შესვლა, არამედ მისი დატოვებაც აუკრძალა. გაძლიერდა დაცვა ენგურისა და ფსოუს პოსტზე. როგორც დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა განმარტა, გადაწყვეტილება მან ადგილობრივების დასაცავად მიიღო და მოსახლეობას მივლინებებისგან თავის შეკავება ურჩია. ვალერი ბგანბამ საერთაშორისო ორგანიზაციებს სპეციალური ტექნიკის მიწოდების თხოვნით მიმართა.
კორონავირუსი მსოფლიოში
მსოფლიოს სხვა ქვეყნებში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი კიდევ უფრო იზრდება. ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ესტონეთში. გავრცელებული ცნობით, მამაკავს "კოვიდ 19" ირანიდან დაბრუნების შემდეგ დაუდგინეს. დაავადების პირველი შემთხვევა გამოვლინდა რუმინეთსა და დანიაშიც, სადაც ვირუსი იტალიის სამთო კურორტიდან დაბრუნებულ მამაკაცს აღმოაჩნდა. რუმინეთის მოქალაქე კი იტალიელთან კონტაქტის შემდეგ დაინფიცირდა. კორონავირუსის პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა პაკისტანშიც. დაავადების დიაგნოზი ორ მამაკაცს დაუსვეს. ორივე ირანში იმყოფებოდა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო პაკისტანის რამდენიმე რეგიონში სასწავლო პროცესი შეწყდა.
იტალიაში აღნიშნული მაჩვენებელი 400-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 12 ადამიანი, რომელთა უმრავლესობაც ასაკოვანი იყო. საშიში ვირუსის რამდენიმე ახალი შემთხვევა გამოვლინდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. მხოლოდ გუშინ 433 ადამიანი დაინფიცირდა ჩინეთში, აქედან 29 კი დაიღუპა. ინფექციის 334 ახალი შემთხვევა დაადასტურა სამხრეთ კორეამაც. მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 40 ქვეყანაში 80 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით. ვირუსმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. აქედან დიდი ნაწილი ჩინეთზე მოდის. ჩინეთში ეპიდემიის აფეთქება გასული წლის დეკემბერში დაიწყო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ 30 იანვარს გამოაცხადა.
ვანო მერაბიშვილი სამკურნალოდ პოლონეთში გაემგზავრა
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, სეიმის ხელმძღვანელობის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებებში. გამგზავრების შესახებ ინფორმაცია მერაბიშვილის ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა. ვინაიდან, 7-წლიანი პატიმრობის პერიოდში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სათანადო სამედიცინო მომსახურებით ვერ სარგებლობდა, ღონისძიებების შემდეგ, მერაბიშვილი გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას აპირებს. ყოფილმა პრემიერმა გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები
პარტიული კვოტებისა და მაჟორიტარების კონკრეტული გვარების შესახებ ინფორმაციას ოპოზიციის წევრები არ ადასტურებენ. როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, მოლაპარაკებები კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საბოლოო შეთანხმება არ არის მიღწეული. თუ ვინ გახდებიან ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები მაჟორიტარულ ოლქში გაერთიანებული ოპოზიცია 4 აპრილს დაანონსებულ მასშტაბურ აქციაზე გამოაცხადებს.
მარგველაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატად
გახდება თუ არა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი არჩევნებზე? - ოპოზიციაში მეოთხე პრეზიდენტის პოლიტიკაში დაბრუნებას დადებითად აფასებენ. პოლიტიკოსების თქმით მარგველაშვილის კანდიდატურა ოპოზიციას გამარჯვებაში დაეხმარება. მეოთხე პრეზიდენტის მაჟორიტარ კანდიდატად დაბრუნებას ადასტურებს ალეკო ელისაშვილი. „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია, თუ რომელ ოლქში წარადგენენ მარგველაშვილს, თუმცა მისი დასახელებისგან ელისაშვილმა თავი შეიკავა. მმართველ გუნდში გიორგი მარგველაშვილის დაბრუნებას არ მიესალმებიან.
გადაუვადებენ თუ არა სასჯელს დეკანოზ მამალაძეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადების საქმეზე პირველი სხდომა გაიმართება. დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შუამდგომლობით სასამართლოს ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა მიმართა. პროცესზე მოწმის სახით იმ ექსპერტების დაკითხვა იგეგმება, რომლებიც მამალაძის ექსპერტიზის დასკვნის შედგენაში იღებდნენ მონაწილეობას. თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მისი ძმის მდგომარეობა უარესდება, რასაც არაერთი დასკვნა ადასტურებს. EMC-ის წარმომადგენლის თქმით, თუ მამალაძეს საჭირო მკურნალობა არ ჩაუტარდება, დაინვალიდების დიდი შანსი არსებობს.
ფავლენიშვილი დაზარალებულის სტატუსს ითხოვს
ირაკლი ფავლენიშვილი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში დღეს იმსჯელებენ. საქმე ეხება 20 ივნისის დარბევას, რა დროსაც სამოქალაქო აქტივისტს სპეცდანიშნულების რაზმმა 9 ტყვია მოახვედრა. ფავლენიშვილი ითხოვს რომ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს და ფულადი კომპენსაცია გადაეცეს. სამოქალაქო აქტივისტის თქმით, მას აქვს ვიდეო, ფოტო და სამედიცინო მტკიცებულებები. ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, ეს საქმე უნდა გახდეს პრეცენდენტი, რომ მომავალში ხელისუფლებამ ძალას არ გადააჭარბოს. იმ შემთხვევაში თუ ფავლენიშვილს დაზარალებულის სტატუსს არ მიანიჭებენ, ის ბრძოლის გაგრძელებას საერთაშორისო სასამართლოში აპირებს.
ბებიისა და დედის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი
საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ ზაუტაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ. პროკურატურა მის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. დაცვის მხარეს აქვს შუამდგომლობა რომ ბრალდებულის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სხდომა დაიხუროს. არგუმენტად კი იმას ასახელებენ, რომ სრულწლოვანების მიუხედავად, ბრლდებული კვლავ სკოლის მოსწავლეა.
თავდასხმა ვისკონსინის შტატში
კაცმა, რომელმაც ვისკონსინის შტატის ლუდსახარში კომპანიის შენობაში ცეცხლი გახსნა, თავი მოიკლა. უბედური შემთხვევა ქალაქ მილუოკიში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე ბოროტმოქმედმა კომპანიის 5 თანამშრომელი მოკლა. თავდასხმის ერთ-ერთ მოტივად 51 წლის კაცის ლუდსახარში კომპანიიდან გათავისუფლება სახელდება. ქალაქის მერმა მომხდარს ტრაგედია უწოდა. ვისკონსინის შტატში მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
დონალდ ტრამპი ნიუ-იორკ თაიმსს უჩივის
შეერთებული შტატების საარჩევნო შტაბმა სარჩელი აშშ-ის პრეზიდენტის სახელით წინააღმდეგ უკვე შეიტანა. ქვეყნის პრეზიდენტი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემას ჭორებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. სარჩელის მიზეზი პუბლიკაცია გახდა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2016 წელს რესპუბლიკელი კანდიდატის შტაბს შესაძლოა კრემლთან ორმხრივი მომგებიანი გარიგება დაედო. 8 გვერდიან დოკუმენტში, რომელიც ნიუ იორკის სასამართლომ მიიღო , წერია, რომ ნიუ-იორკ თაიმსი თავისი სტატიებით გასული წლის ნოემბერში კონგრესის არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.
მეცნიერებმა ახალი მთვარე აღმოაჩინეს
მეცნიერებმა დედამიწის ახალი ბუნებრივი თანამგზავრი აღმოაჩინეს. მცირე ასტეროიდი, რომლის დიამეტრიც ორიდან სამ-ნახევარ მეტრამდეა. მკვლევარების აზრით, უკვე სამი წელია ასტეროიდი დედამიწის გარშემო ბრუნავს. პლანეტას ის მიზიდულობის ძალის შედეგად მიუახლოვდა. ციური სხეული 15 თებერვალს დააფიქსირეს. მასზე დაკვირვება გრძელდება.
ნარკოტიკები პანამაში
პანამაში პოლიციამ 5 ტონა ნარკოტიკი აღმოაჩინა, რომელიც დილერებს კუსტარულად დამზადებული წყალქვეშა ნავით გადაჰქონდათ. საეჭვო სუბმარინი სამართალდამცველებმა ქვეყნის ჩრდილო დასავლეთით შენიშნეს და დააკავეს. ნავში 4 პირიც იმყოფებოდა. პოლიციამ ისინიც აიყვანა. 4 ივე ეჭვმიტანილი კოლუმბიის მოქალაქეა.
ბასილაშვილის დუბაის ტურნირზე დამარცხდა
დუბაის საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანელ იან-ლენარდ შტრუფთან ორ სეტში დამარცხდა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში ლიეტუველ რიკარდას ბერანკისთან მძიმე ბრძოლა გადაიტანა და გუშინდელი შეხვედრისთვსი ენერგია აღარ ეყო. შეგასსენებთ, რომ დუბაის ტურნირის გასული წლის გათამაშებაში ბასილაშვილი მეოთხედფინალამდე მივიდა და 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. -- საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ევრო/აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის პლეი-ოფის მატჩში ესტონეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპრიდება. შეხვედრები მზიურის კომპლექსში 6-7 მარტს გაიმართება. საქართველოს ნაკრების ღირსებას ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, გიორგი ცივაძე და ზუკა ტყემალაძე დაიცავენ.
ფეხბურთი: ჩემპიონთა ლიგა
- ლიონში ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური დაპირისპირება გაიმართა, ადგილობრივმა კლუბმა ტურინის იუვენტუსს უმასპინძლა. ბევრისთვის მოულადნელად რუდი გარსიას მომზადებული გუნდი გუშინდელ შეხვედრაში ძალიან დამაჯრებელად გამოიყურებოდა, ლიდერების გარეშე მოთამაშე მასპინძლებმა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი მინიმალური უპირატესობით დაამარცხეს და შეხვედრა გაშვებული გოლის გარეშე დაასრულეს. ლიონის შემადგენლობაში თავი ლუკა ტუსარმა გამოიჩინა, ფრანგმა ნახევარმცველმა დე ლიხტის მოედანზე არ ყოფნით ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. დე ლიხტმა თავზე ჭრილობა მიიღო და გოლის ეპიზოდში პირველად სამედიცინო დახმარებას იღებდა. მაურიციო სარიმ მეორე ნახევარში თამაშის გადარჩენა სცადა, იუვენტუსმა რამდენიმე მწვავე მომენტი შექმნა, თუმცა ბურთი ვერ გაიტანა და ამ წყვილს შორის ყველაფერს 18 მარტს, ტურინში გასამართი მატჩი გადაწყვეტს.
- სათამაშო დღის ცენტრალურ შეხვედრას გულშემატკივარი დიდი ინტერესით ელოდა. სანტიაგო ბერნაბეუზე ტურნირის ფავორიტების, მადრიდის რეალის და მანჩესტერ სიტის შეხვედრა ინგლისული კლუბის გამარჯვებით დასრულდა. მატჩი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ სამეფო კლუბი 60-ე წუთზე ისკო ალარკონმა დააწინაურა. პეპ გუარდიოლას მომზადებულმა გუნდმა ანგარიში კევინ დე ბრუინის ბრწყინვალე მოქმედების შემდეგ გაათანაბრა, ბელგიელმა საჯარიმოში ძალიან ელეგანტურად იმოქმედა და გაბრიელ ჟეზუსს გაატანინა. თამაშის მიწურულს, კარვახალმა რაჰიმ სტერლინგი საჯარიმოში წააქცია და მადრიდელთა კარის მისამართით დანიშნული 11-მეტრიანი დარტყმა გოლად სწორედ დე ბრუინმა აქცია. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზი, რა თქმა უნდა კევინ დე ბრუინს გადასცეს. ამ გუნდებს შორის საპასუხო მერვედფუნალური დაპირისპირება 18 მარტს მანჩესტერში გაიმართება.
ევროპა ლიგა: ჩაკვეტაძე-ქვილითაია „რომას“ წინააღმდეგ
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, გულშემატკივართა ყურადღებას ტრადიციულად ევროპის ლიგის გათამაშება მიიპყრობს. ქართველ გულშემატკივარში განსაკუთრებულ ინტერესს ბელგიაში გასამარათი დაპირისპირება იწვევს, სადაც გენტი იტალიურ რომას შეხვდება. რომში გამართული შეხვედრა გენტის ფეხბურთელებმა მინიმალური სხვაობით დათმეს და შემდეგი ეტაპის საგზურისთვის დღეს ბოლომდე იბრძოლებენ.
ბელგიის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში გენტმა სენტ-ტრიუდენი მარტივად დაამარცხა, გამარჯვებაში საკუთარი წვლილი გიორგი ქვილითაიამ და გიორგი ჩაკვეტაძემაც შეიტანეს. საქართველოს ნაკრების წევრები დღევანდელი შეხვედრისთვისაც სრულ მზადყოფნაში არიან. გენტისა და რომას მატჩი თბილისის დროით 21:55 წუთზე დაიწყება.
ირლანდია-იტალიის მატჩი შესაძლოა კორონავირუსის საფრთხის გამო გადაიდოს
ირლანდიის და იტალიის 6 ერეის ეგიდით გასამართი შეხვედრა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო შესაძლოა ჩაიშალოს. მეოთხე ტურის მატჩი, 7 მარტს დუბლინის ავივა სთედიუმზე უნდა ჩატარდეს, თუმცა ბოლო ინფორმაციით მასზე დასწრებას 5 ათასამდე იტალიელი ქომაგი აპირებს, რამაც ირლანდიელი გულშემატკივარი და ოფიციალური პირები ძალიან დააფრთხო. იტალიაში ვირუსი ერთბაშად სამ რეგიონში - ლომბარდიაში, ვენეტოსა და ემილია-რომანოში მძვინვარებს. ოფიციალური ინფორმაციით გარდაცვლილთა რაოდენობამ ერთ ათეულს გადააჭარბა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 280-ს ადამიანს შეადგენს. ირლანდიის ჯანდაცვის მინისტრმა, საიმონ ჰარისმა შეხვედრის გაუქმების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თემასთან დაკავშირებით რაგბის კავშირთან კონსლუტაციების ჩატარებას აპირებს.
მარია შარაპოვამ აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა
"როგორ შეიძლება მიატოვო ერთადერთი ცხოვრება, რომელიც იცი? როგორ შეიძლება წახვიდე კორტებიდან, რომლებზეც ბავშვობიდან ვარჯიშობდი და თამაშიდან, რომელიც გიყვარს? თამაშიდან, რომელიც გჩუქნიდა ცრემლსა და სიხარულს. სპორტიდან, რომელმაც შეგძინა ოჯახი და გულშემატკივრები, რომლებიც 28 წელიწადზე მეტხანს გვერდში გედგნენ. ჩემთვის ეს სიახლეა, ასე რომ, მომიტევეთ. ჩოგბურთო, გემშვიდობები", - დაწერა მარია შარაპოვამ.
კარიერის განმავლობაში რუსმა ჩოგბურთელმა ჯამში WTA-ს 39 ტურნირში გაიმარჯვა, დიდი სლემის 5 ტუნრირი მოიგო და 2008 წელს ფედერაციის თასს დაეუფლა. ფორბსის მიხედვით შარაპოვამ კარიერის განმავლობაში 325 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც ჩოგბურთელეებს შორის სერენა უილიამსის შემდეგ მეორე საუკეთესო მაჩვენებლია.