ოთხი კონგრესმენის უკიდურესად მწვავე კრიტიკა "ქართული ოცნების" მიერ პარტნიორების გაფრთხილებების იგნორირების ლოგიკური შედეგია. ინტენსიური, უმწვავესი კრიტიკის ტალღა ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსებისგან ბიძინა ივანიშვილის გუნდს თავს დაატყდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" საკუთარ მოქალაქეებთან ერთად ქვეყნის საერთაშორისო მხარდამჭერები მოატყუა. მათ შორის ყველაზე მძიმე კრიტიკის ავტორს, ადამ კინზინგერს პროპორციული სისტემის შემოღების შესახებ დაპირება პირადად მისცა. აქციების დარბევა, პოლიტიკური დევნა, ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება და ტროლ-ბოტების დაფინანსება - საბოლოო ჯამში ბოლო პერიოდის წერილებსა თუ განცხადებებში ერთ საერთო შეფასებას იძენს - "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ქვეყანა დემოკრატიას და, შესაბამისად, დასავლეთს შორდება.
კონგრესმენის ღია წერილამდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და პრემიერმა გიორგი გახარიამ რამდენიმე მწვავე გაფრთხილება მიიღეს. ამერიკასა და საქართველოს მთავრობას შორის კი ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც საქართველოს პარლამენტმა დასავლეთისთვის და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიცემული პირობა დაივიწყა და საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, 101 ხმით 3 წინააღმდეგ, ჩააგდო. იმავე დღეს, 14 ნოემბერს ამერიკის კონგრესში მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ შოკირებული იყო ამ გადაწყვეტილებით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც 1 კვირის წინ საქართველოში ყოფნის დროს ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან დაპირება მიიღო, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლისთვის შეიცვლებოდა.