logo
ENG



ამერიკელი სენატორები რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას მოითხოვენ

21 ივნ 202413:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/21/z7gch7e0d9arkf8.jpg

აშშ-ის სენატში ინიციირებულია ორპარტიული კანონპროექტი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ. ინიციატორები რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი, რიჩარდ ბლუმენტალი არიან.

კანონპროექტის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მითითებით, მთავრობა ხელს უწყობდა და დღესაც უწყობს საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს პოლიტიკური ოპონენტების, უცხო ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების წინააღმდეგ.

კანონპროექტში საუბარია რუსეთის ქმედებებზე ჩეჩნეთში, სირიასა და უკრაინაში, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის და სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრების, ალექსანდრ ლიტვინენკოს და სერგეი სკრიპალის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს მოწამვლაზე და ა.შ.

სენატორ გრემის განცხადებით, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის აღიარება შეერთებულ შტატებს პუტინის დასასჯელად, უკრაინასა და მთელ მსოფლიოში ჩადენილი ბარბაროსობისთვის, დამატებით საშუალებას მისცემს.

ამჟამად აშშ-ს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოებად კუბა, ირანი, ჩრდილოეთი კორეა და სირია ჰყავს აღიარებული.

 

 


close დახურვა