აშშ-ის სენატმა დღეს დაამტკიცა 95,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საგარეო დახმარების კანონპროექტი, რომელიც მიზნად უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერას ისახავს.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მომდევნო განხილვა წარმომადგენელთა პალატაში შედგება, რომელშიც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ. სწორედ მათი დიდი ნაწილი კი პაკეტის კრიტიკით გამოირჩევა.
ცნობილია, რომ, სხვა პრიორიტეტებთან ერთად, პაკეტი მოიცავს ფინანსებს უკრაინის მხარდასაჭერად და ისრაელის უსაფრთხოებისთვის და ამასთანავე, ჰუმანიტარულ დახმარებას ამ ორი სახელმწიფოსთვის.
უფრო კონკრეტულად, ჯამური 95,3 მილიარდი დოლარიდან 60 მილიარდი გადაეცემა უკრაინას მის მხარდასაჭერად რუსეთთან ბრძოლაში. 14.1 მილიარდი დოლარი განკუთვნილია ისრაელის უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის, 9,2 მილიარდი გამოიყოფა ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ხოლო 4,8 მილიარდი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის რეგიონული პარტნიორების მხარდასაჭერადაა გამიზნული.
ცნობისთვის, სენატმა პაკეტის განხილვას მხარი 9 თებერვალს დაუჭირა.
სენატმა მიიღო კანონმდებლობა მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებმა გასულ კვირას დაბლოკეს უფრო ფართო კანონპროექტი, რომელიც ორპარტიულ სასაზღვრო შეთანხმებასაც აერთიანებდა. რესპუბლიკელები თავდაპირველად მოითხოვდნენ, რომ საზღვრის უსაფრთხოება კანონპროექტის ნაწილი ყოფილიყო, თუმცა დონალდ ტრამპისა და რესპუბლიკელების კრიტიკის შედეგად, მოცემულ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.