logo
ENG



ამილახვარის თქმით, მასწავლებლების პროფესიული განვითარება და სახელფასო პოლიტიკა გაიყოფა

12 დეკ 202316:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/12/up0gfnfyclqxfbd.jpg

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თქმით, პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და სახელფასო პოლიტიკა ერთმანეთისგან გაიყოფა. ამის შესახებ მან ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

"აღნიშნული სქემა საჭიროებს განვითარებას. კვლევების თანახმად, მასწავლებელთა უმრავლესობა ამბობს, რომ სტატუსების მოპოვების პროცესში ებმება იმიტომ, რომ მას უნდა სახელფასო დანამატი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ორი პროცესი გავყოთ - ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც, სტატუსების მიუხედავად, ყველა პედაგოგს განუსაზღვრავს ღირსეულ ანაზღაურებას და ცალკე, პარალელურ რეჟიმში ვიზრუნოთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე. აქ, ბუნებრივია, არანაირ გაუქმებაზე არაა საუბარი, არის მხოლოდ განვითარებაზე საუბარი და ჩვენ ღია ვართ ყველა დარგობრივ ორგანიზაციასთან ერთად, განსაკუთრებით მასწავლებელთა პროფკავშირთან ერთად, მზად ვართ დავიწყოთ აქტიური მუშაობა სქემის გაუმჯობესებაზე", - განაცხადა ამილახვარმა.

გარდა ამისა, მინისტრმა პედაგოგების ხელფასების ზრდაზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი სახელფასო ფორმულის მიხედვით, 2024 წლიდან 51 090 მასწავლებლიდან სრულ განაკვეთზე მყოფ 70%-ს, მათი სტატუსის მიუხედავად, ხელფასი საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაეზრდება.

2024 წლიდან ხელფასის 10%-იანი მატება შეეხება სკოლის ადმინისტრაციას, ხოლო ტექნიკურ პერსონალს ანაზღაურება 10-50%-ით გაეზრდება.


close დახურვა