logo
ENG



ამირან გამყრელიძე: არავითარი პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში არ არის

01 თებ 202012:17
3 წუთის საკითხავი
 

 

მოსახლეობაში გავრცელებული აუდიოჩანაწერი დეზინფორმაციაა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, აუდიოჩანაწერის გამავრცელებელი უპასუხისმგებლოა და მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა.

 „არავითარი პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში არ არის, საქართველოში არ დაფიქსირებულა ამ ეტაპზე არცერთი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის შემთხვევა, საქართველოში მნიშვნელოვნად კონტროლდება ყველა მგზავრი, იქნება ჩინეთის თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე. მე არ გამოვრიცხავ იქ გარკვეულ მერკანტილურ ინტერესებს, გუშინ მე მომცეს ინფორმაცია, რომ ღამე რიგები დადგა პირბადეებთან, არ შეიძლება ხალხის ამ ფაქიზ გრძნობებზე თამაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ საკითხზე კომენტარი გაკეთდა ინფექციურ საავადმყოფოშიც, სადაც 4 პაციენტი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ექიმების თქმით, 2 პაციენტს A ტიპის ვირუსი დაუდგინდა, ხოლო ორ პაციენტზე დაკვირვება მიმდინარეობს და საბოლოო პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

„ჩვენს ცენტრში მოთავსდა სულ ოთხი პაციენტი, აქედან ორს დაუდგინდა H1N1, ხოლო ორ პაციენტზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა. ჩატარებული კლინიკურ-ლაბორტორიული კვლევებით გამოირიცხა პნევმონია, მათი ზოგადი მდგომარეობა თითქმის დამაკმაყოფილებელია, საბოლოო პასუხს 2-3 დღე სჭირდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო მომაკვდინებელ ვირუსს ებრძვის. კორონავირუსი, ჩინეთის გარდა, მსოფლიოს 20 ქვეყანაში გამოვლინდა. ჩინეთში დაღუპულთა რიცხვი 213-მდე გაიზარდა, ხოლო ინიფიცრებულთა რაოდენობა 9 ათასს აჭარბებს.

31 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

 


close დახურვა