"ცეცხლს ვეთამაშებით ჩვენი შეკრებებით"-ასე აფასებს მიმდინარე მოვლენებს ქვეყანაში ამირან გამყრელიძე. სპეციალურ ბრიფინგზე მან საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ახლა ეს ერთადერთი გამოსავალია.
"ჩვენი ყველაზე დიდი საუფლო დღესასწაული - აღდგომა და მისი წინამდებარე, შემდგომი დღეები გახლავთ საქართველოში დიდი შეკრებების მიზეზი. ამიტომაა ჩვენი რეკომენდაციები დიდი მოწიწებით, რომ წელს ეს ფორმატი შეცვალოთ, რადგან ვდგავართ დიდი საშიშროების წინაშე. კერძოდ, შეიძლება შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში და ამ სპირალიდან გამოსვლა ძალიან რთული იქნება. მზარდია ეპიდემია, ცეცხლს ვეთამაშებით ჩვენი შეკრებებით. მომავალი კვირა ტრადიციაა სასაფლაოზე შეკრება, ეს ყველაფერი მხოლოდ ხელს შეუწყობს ეპიდემიის განვითარებას",-განაცხადა ამირან გამყრელიძე.
გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზაუტაშვილის თქმით კი ზუსტი ციფრი თუ რამდენი დაინფიცირებულია ქვეყანაში უცნობია.
"გვაქვს დაშვება, რომ გარკვეული პროცენტი შემთხვევებისა შესაძლოა გამოვლენის გარეშე დარჩეს, თუმცა იმ შეფასებებით რაც არის, რაოდენობა დიდი არაა. ამას ადასტურებს ის, რომ ქვეყანაში ტესტირებულია გრიპის ყველა ნიმუში, რომელიც მოგროვილი იყო იანვრიდან და არცერთ მათგანში კორონავირუსი იდენტიფიცირებული არ არის",-აცხადებს ზაუტაშვილი.