logo
ENG



ანა დოლიძე: იუსტიციის საბჭომ გადაწყვიტა მორიგი სპექტაკლი ჩაატაროს

11 მარ 202009:33
3 წუთის საკითხავი
 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძის არჩევას არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლები და არამოსამართლე წევრები მწვავედ აფასებენ. სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ ქადაგიძის შერჩევის მთავარი მიზეზი სასამართლო სისტემაში არსებული კლანის მიმართ ერთგულებაა. მათივე განცახდებით, შალვა თადუმაძის კანდიდატურაზე უარის თქმა ხელისუფლებას, შიდა და გარე ზეწოლის შემდეგად მოუწია. საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ კი კენჭისყრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

"იუსტიციის საბჭოს გადაწყვიტა მორიგი სპექტაკლი ჩაატაროს, გაითამაშოს ვითომ დემოკრატია, მსჯელობა და დებატი. სინამდვილეში კი თავმჯდომარედ დანიშნოს ადამიანი, რომელიც სისტემის მორჩილების განსხეულებაა; მიხეილ ჩინჩალაძის კოლეგა; იმ ე.წ. სისხლიანი 9 წლის მოსამართლე, რომელიც დღეს იქნება ამ სასამართლოს სახე",-აცხადებს ანა დოლიძე. 

საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ბიულეტენი საერთოდ გააუქმა, რადგან პროცესებს არასამართლიანად აფასებს და დარწმუნებულია, რომ ქადაგიძე კლანის ინტერესებს გაატარებს. 

"როგორც ჩანს ენდობიან მას, არ შეუქმნის პრობლემებს და საჭიროებისშემთხვევაში იმოქმედებს კლანის ინტერესების სასარგებლოდ. რაც შეეხება ამ კანდიდატურად იგივე თადუმაძეს ან ნებისმიერი სხვას, ალბათ იმიტომ არ აირჩიეს, რომ საზოგადოებას ჰქონდა მკვეთრი რეაქციები. შემდგომ უკვე საერთაშორისო გამოხმაურებაც იყო ძალიან მკაფიო",-აღნიშნა ჯანეზაშვილმა. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძისთვის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. ის დარწმუნებულია, რომ საბჭო მხოლოდ მისთვის სასურველ კანდიდატურას აირჩევდა. 

"არცერთ შემთხვევაში იუსტიციის საბჭო, რომლის შემადგენლობაში უმრავლესობას კლანი ან მასთან დაკავშირებული პირები წარმოდგენენ, ისინი მხარს არ დაუჭერდნენ კანდიდატს, რომლის მიმართაც უპირობო ნდობა არ ექნებოდათ. ეს არის აქ ამოსავალი და არა კვალიფიკაცია ან სასამართლოს დამოუკიდებლობა",-განმარტა სალაძემ.

ნინო ქადაგიძის არჩევას კონკრეულ გზავნილად აფასებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს მათ შორის იმ მოსამართლეებზეც, რომლებიც სისტემის შეცვალს დადებითი მიმართულებით ცდილობენ.

"ესაა გზავნილი მათ შორის სასამართლოს შიგნითაც და ესაა ცუდი გზავნილი იმ მოსამართლეების მიმართაც, ვინც ცდილობს სასამართლოში რაიმე შეცვალოს. შესაძლოა მათი რაოდენობა ცოტაა მაგრამ მაინც და დიახ, მათი სპიკერი იქნება მოსამართლე, რომელსაც საზოგადოება არ აღიქვამს, როგორც სანდოს",- აღნიშნა სულხან სალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის საბჭოში პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დასანიშნად კანდიდატებს კენჭი გუშინ უყარეს. ნინო ქადაგიძის კანდიდატურას საბჭოს 13 წევრიდან 12-მა მხარი დაუჭირა.

 


close დახურვა