პარტია ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ დოლიძე მოლაპარაკებებს აწარმოებდა პარტია ლელოსთან.
"ეს ქალაქი აღარ არის ხალხისთვის, ეს ქალაქი არის ჩვენი მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლებისთვის და მათი კერძო ინტერესებისთვის. ეს ქალაქი არ არის ბავშვებისთვის, რომელთა სკოლის გვერდზე არის ბენზინგასამართი სადგურები. ეს ქალაქი არ არის დედებისთვის, რომელთაც არ აქვთ ტროტუარები, რომ ბავშვები გაასეირნონ. ეს ქალაქი არ არის მშობლებისთვის, რომელთაც არ აქვთ პარკები, სადაც მანქანის გარეშე გაიყვანენ ბავშვებს, ეს ქალაქი არ არის ასაკოვანი ხალხისთვის, სადაც არც ერთი სივრცე არაა, სადაც პენსიონერი თავისი თავის რეალიზებას მოახდენს", - განაცხადა დოლიძემ კანდიდატურის წარდგენისას.
ამ ეტაპისთვის თბილისის მერობის კანდიდატურები რამდენიმე პარტიას ჰყავს წარდგენილი. ქართული ოცნების კანდიდატი მოქმედი მერი კახა კალაძე.
ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, გირჩი - მეტი თავისუფლება და მოძრაობა დროა თვითმმართველობის არჩევნებისთვის თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მერობის ერთობლივი კანდიდატი ნიკა მელიაა. ელენე ხოშტარია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად დასახელდა, ხოლო მომავალ ვიცე-მერად ცოტნე კობერიძე წარადგინეს.
ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილია.