logo
ENG



ანა დოლიძე მისი უკანონო თვალთვალის გამოძიებას ითხოვს

23 მარ 202112:58
3 წუთის საკითხავი
 

ანა დოლიძე მისი უკანონო თვალთვალის გამოძიებას ითხოვს. 

შესაბამისი განცხადებით მან პროკურატურას უკვე მიმართა. 

"ამ საქმეზე ობიექტური გამოძიება არის უმნიშვნელოვანესი. საქმესთან დაკავშირებით არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი - როგორ მუშაობს ეს სისტემა. არის ბევრი შეუსაბამობა. რაც მთავარია, პროკურატურას არ ეგონოს, რომ ეს იქნება ფორმალური გამოძიება, რომელიც ჩააწყნარებს სკანდალს. უნდა დაიკითხოს კახა საბანაძე. ის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი მოწმე. უნდა დაიკითხოს ჩვენი პრემიერმინისტრები. ნუ ეგონება რომელიმეს, რომ ამ პასუხისმგებლობას დაუძვრება. როგორც ჩანს, ეს არის ფართომასშტაბიანი სისტემა, რომელიც მუშაობს ყველა სერიოზულ საფრთხის შემცველ ოპონენტზე". - თქვა ანა დოლიძემ საგამოძიებო უწყებაში განცხადების შეტანის დროს. 

შსს-ის ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის ინტერვიუს მიხედვით, რომელიც მან მთავარ არხს 2019 წლის ნოემბერში მისცა, ანა დოლიძის ბინაში დაამონტაჟეს ფარული თვალთვალის მოწყობილობა და გადაიღეს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა. მისი თქმით, ბრძანება კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკი ნიკოლოზ შარაძემ გასცა.

გულაშვილის თქმით, ფარული მიყურადების შესახებ ბრძანებებს გასცემდა შს მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე, კახა საბანაძეც, რომელიც დღეს, 23 მარტს თანამდებობიდან გადადგა და მიზეზად სწორედ მედიაში გასული ინფორმაცია დაასახელა.    

მთავარი არხის ეთერში გასული სიუჟეტის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. 

ანა დოლიძის ფარულად თვალთვალის საქმეს გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ "საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების, თუ გამოქვეყნების მუქარის შემთხვევებს, ძირითადად, ქალი პოლიტიკოსების მიმართ აქვს ადგილი და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ქალების წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის, მათი გაჩუმების, ჩაგვრის და ძალადობის სისტემურ იარაღად გამოიყენება".

ქალთა მოძრაობის შეფასებით, "ქალის პირადი, მათ შორის, სექსუალური ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, დისკრედიტაციისა და მარგინზალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია". 

საია-ს განცხადებით კი "ამგვარი ხერხებით ბრძოლის ადრესატები უმეტესწილად არიან პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ქალები, რათა პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟისა თუ გამოქვეყნების შემდეგ მოხდეს მათი პოლიტიკური თუ ჟურნალისტური საქმიანობიდან ჩამოშორება". 

სამივე ორგანიზაცია პროკურატურას საქმის ობიექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს. 


close დახურვა