"ეს კვლევა ადასტურებს, რომ შემდეგ არჩევნებს "ქართული ოცნება" აგებს და ამას ადასტურებს ციფრებიც",- ასე აფასებს "ედისონ რისერჩის" კვლევის შედეგებს მოძრაობა "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი. როგორც მან სოფო ზურაბიანის "პოლიტიკის ფორმულაში აღნიშნა, მმართველი გუნდი ძალაუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს. მისივე თქმით, აღნიშნული კვლევა კიდევ ერთ რამეზე მიანიშნებს - პოლიტიკური შიმშილი.
"ასევე კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოებაში სერიოზული შიმშილია. გარდა იმისა, რომ სამწუხაროდ სახეზეა შიმშილი პირდაპირი გაგებით, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს პოლიტიკურ შიმშილზე, როცა საზოგადოების დიდი ნაწილს აქვს მოლოდინი ახალი ძალის, ახალი ხედვის, ახალი ადამიანების, ვისაც გადააბარებს ხალხი ქვეყნის მართვის პატივს",-აღნიშნავს ანა ნაცვლიშვილი.
მისივე თქმით, პირადად "მოძრაობა" ლელოსთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მისი რეიტინგი გაზრდილია.
"რაც ჩვენთვის სასიხარულოა არის ის, რომ "აირაის" კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ასევე ცოტა ხნის წინ და ახლა "ედისონ რისერჩი", მათ შორის დროში მცირე სხვაობაა და ამ პერიოდში ფიქსირდება ჩვენი ზრდა. ეს პოლიტიკური სიგნალია ჩვენთვის და პასუხისმგებლობაც. საზოგადოება ელოდება ახალ ძალას, რომელიც მარტო პრობლემებზე კი არ ილაპარაკებს , არამედ შესთავაზებს საზოგადოებას კონკრეტულ გზას. ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესო მაჩვენებელია, რადგან მე ბევრი ლიდერი პოლიტიკურ სპექტრში არ მეგულება, ვისაც ციფრები უმყარებს ზურგს. ხაზარაძეს ათასობით ადგილი აქვს შექმნილი, ასევე ჩვენ, დანარჩენ წევრებს, ბევრი გვაქვს ნაშრომი ადამიანის უფლებებისთვის. ჩვენ არ ვოცნებობთ. ჩვენი ჩავებით ბრძოლაში, რათა ქვეყანა შეიცვალოს. ჩვენთვის არჩევნებში გამარჯვება არ არის მიზანი, სადაც სრულდება გზა. არამედ ესაა დასაწყისი, სადაც ვიღებთ პასუხიმგებლობას. ქვეყანა, სადაც ათასობით ბავშვი შიმშილობს, სადაც ადამიანი განდევნილია პოლიტიკიდან და როცა პოლიტიკა არ გამოხატავს ხალხის საჭიროებას და არის პატარა წრის ხელში. ეს უნდა გაირღვეს და ამისთვის მოვედით ჩვენ",-აღნიშნავს ანა ნაცვლიშვილი.