პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი პროკურატურაში დაიბარეს.
როგორც "ფორმულას" პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, ნაცვლიშვილი საგამოძიებო უწყებაში გასაუბრების მიზნით არის დაბარებული.
პარტიაში აცხადებენ, რომ ნაცვლიშვილის დაბარება მოსამართლე გიორგი არევაძის, "ქართული ოცნების" წევრის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით შეტანილ განცხადებას უკავშირდება.
იგი პროკურატურაში 17:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
შეგახსენებთ, "ლელოს" წევრებმა ანა ნაცვლიშვილმა და კახა კოჟორიძემ მოსამართლე გიორგი არევაძის, "ქართული ოცნების" წევრის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით პროკურატურისგან გამოძიების დაწყება მოითხოვეს. როგორც კოჟორიძემ აღნიშნა, "მთავარი არხზე" გასულ სიუჟეტში საუბარი იყო იმაზე, რომ არევაძე ზარდიაშვილთან ერთად ღამის საათებში პრემიერ-მინისტრთან იმყოფებოდა. სიუჟეტის მიხედვით, აღნიშნულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოსამართლე არევაძე "მთავარი არხის" დამფუძნებელ ნიკა გვარამიას საქმეზე თვითაცილებას გამოაცხადებდა.