ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს. როგორც კონსორციუმში აცხადებენ, ღარიბაშვილმა პროექტსა და ისტორიაზე არაერთი მცდარი ინფორმაცია გააჟღერა. მათივე შეფასებით, პრემიერის მიერ წარდგენილ სამომავლო გეგმას "წარმატება არ უწერია".
12 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით, საერთაშორისო ინვესტორ კომპანიებთან ერთად აშენდება. მისი თქმით, პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება.
"გვინდა პრემიერ-მინისტრს შევახსენოთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავა ჟენევის საერთაშორისო სავაჭრო პალატაში. მას მოუწევს პასუხისგება დღეს გაკეთებულ ყველა ცრუ განცხადებაზე", - აღნიშნავენ კონსორციუმში.
კონსორციუმში განმარტავენ, რომ არც ერთი სერიოზული ინვესტორი და არც ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი არ მიიღებს მონაწილეობას და არ გასცემს სესხს მსგავს მსხვილ პროექტში, თუ მას უმრავლესობით აკონტროლებს სახელმწიფო, მით უმეტეს, "თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სახელმწიფოს, როგორც პარტნიორის არაერთ ბიზნეს საქმეში დემონსტრირებულ არასანდოობას".
"სავსებით ნათელია, რომ მთავრობამ ვერ შეძლო სათანადო ინვესტორის ან პორტის ოპერატორის მოძიება, რომელსაც სურს განახორციელოს ეს პროექტი მიმდინარე საარბიტრაჟო დავის ფონზე და პოლიტიზებული ქართული სასამართლო სისტემის პირობებში, რომლის რეფორმირებაც მთავრობამ ვერ შეძლო", - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, ისინი მცდარს უწოდებენ მოსაზრებას, რომ პრემიერმინისტრს სურს, ანაკლიის პროექტის "სასწრაფოდ გაგრძელდეს და მიუთითებენ იმაზე, რომ პროექტის შეწყვეტიდან 3 წწლი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა.
"ანაკლიის ტრაგედიაზე, და აქ განსაკუთრებით იგულისხმება უმუშევრად, დამსხვრეული იმედებით და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დარჩენილი ანაკლიელების ტრაგედია, პასუხისმგებელია სახელმწიფო, რომელმაც შეაჩერა და არ მისცა საშუალება ADC-ს, რომ დაესრულებინა დაწყებული პროექტი. საქართველოს მთავრობა ფლობს, აკონტროლებს და უგულებელყოფს ამ ადგილს უკვე თითქმის სამი წელია - მას შემდეგ, რაც მან შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება ADC-სთან. მთავრობას თითი არ გაუნძრევია და ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს იმ გარემოსდაცვითი პრობლემის შესამსუბუქებლად, რაც მათ პროექტის შეჩერებით გამოიწვიეს ანაკლიაში. არც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასრულებასა და განვითარებაზე უზრუნიათ ანაკლიასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მით უმეტეს თუ პორტის მშენებლობის განახლებას აპირებენ.
პრემიერ-მინისტრის იმავდროული განცხადება, რომ მხარს უჭერს ფოთში უფრო დიდი პორტის განვითარებას, მეტყველებს ანაკლიის განვითარების გეგმების შესახებ მისი განცხადებების არაგულწრფელობასა და აბსურდულობაზე. პრემიერმა კარგად იცის, რომ მთავრობის მხრიდან ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციური განვითარების მუდმივი წახალისება იყო ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ბანკებისა და კერძო ინვესტორებისთვის, რომ დაეფინანსებინათ უფრო დიდი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიაში. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი ამ საკითხთან დაკავშირებით რთულ ვითარებაშია, რადგან პანდორას დოკუმენტები ადასტურებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბატონ ივანიშვილს დიდი ხანია აქვს ბიზნეს ინტერესი ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებაში, რაც დამოკიდებულია ფოთის პორტის განვითარებასა და გაფართოებაზე. ამიტომ პრემიერს ბეწვის ხიდზე სიარული უწევს, რომ თავი ისე ეჭიროს, თითქოს მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, და მეორე მხრივ, არ გაუნაპირდეს თავისი პარტიის ლიდერსა და სხვა ოლიგარქიულ ინტერესებს ფოთის პორტის განვითარებაში", - აღნიშნულია კონსორციუმის განცხადებაში.