მოსახლეობისა და აქტივისტების უმწვავესი პროტესტის შემდეგ სასამართლომ ანას ბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს პირადად ჩააბარა. თუმცა, კომპანია სამშენებლო პროცესის შეწყვეტას არ აპირებს. დროებით შეჩერებული პროცესის ბედს სასამართლო გადაწყვეტს. განაჩენის გასაჩივრებისთვის მერიას 12-დღიანი ვადა აქვს. ადგილობრივები ამბობენ,რომ სკვერის გადასარჩენად ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ. მერიის პოზიცია კი ამ დრომდე უცნობია.
თბილისის მერიისგან მიღებული რამდენიმე უარისა და 3 თვიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, საქალაქო სასამართლოს „ანას ბაღის“ მახლობლად მცხოვრებმა მოსახლეობამ 3 კვირის წინ მიმართა. მოსამართლის განჩინება ადგილობრივებმა თბილისის მერიაშიც ჩააბარეს.
„ანას ბაღი“ ვარკეთილის მეორე მიკრორაიონის ამ კორპუსის ეზოში 6 წლის წინ, 9 წლის ანას დაღუპვის შემდეგ ააშენეს. 3 მეზობლის კერძო საკუთრების ადგილზე სკვერი მოაწყეს და მიმდებარედ 6 კორპუსის მცხოვრებლებისთვის ერთადერთ რეკრეაციულ ზონად იქცა. მშენებარე კორპუსი ამ სკვერს ემუქრება. სამშენებლო ღობის გამო უკვე ფუნქცია დაკარგა ბაღის მთავარმა შესასვლელმა. თუკი, აქ 10-სართულიანი კორპუსი აშენდება, სკვერი აღარ იარსებებს.
ადგილობრივმა მოსახლეობამ ანას ბაღის გადარჩენისთვის ბრძოლა 3 წლის წინ დაიწყო. 2017 წელს აქ მშენებლები პირველად გამოჩდნენ და მათ ეზოში ტერიტორია სამშენებლო ღობით შემოღობეს. მშენებლობის ნებართვა თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ გასცა, ხარვეზების გამო მოქმედმა მერმა შეაჩერა. თუმცა, მალევე მშენებლობა ისევ განახლდა და „ანას ბაღთან“ მძიმე ტექნიკა გამოჩნდა.
მშენებლობის დაწყებას ადგილობრივები ყველა ხერხის გამოყენებით შეეწინააღმდეგნენ, მძიმე ტექნიკას წინ გადაუდგნენ და პარალელურად სასამართლოში სამართლებრივი დავა დაიწყეს.