logo
ENG



ანგარიში: კურსის ცვლილებამდე, ევროკომისია მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემს

30 ოქტ 202420:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/30/7vqel3ee7lhvzdq.jpg

ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ რეკომენდაციას არ გასცემს.

ეს ცნობილი გახდა დღეს, მას შემდეგ რაც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ გაფართოების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს, რომელიც ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. 

პრეზენტაციის შემდეგ, ამაზე ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმაც და თქვა, რომ "მთავრობის კურსის გამო, EU-ის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს".

გაფართოების ანგარიშში შეფასებულია კომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების პროგრესი, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო, გადავიდოდა თუ არა საქართველო ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე. 

ანგარიშის თანახმად: 

"ევროკავშირი კვლავ ერთგულია საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებაზე ქართველი ხალხის უმეტესობის სურვილის შესაბამისად. თუ საქართველო არ შემოატრიალებს ამჟამინდელი მოქმედებების კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის EU-სკენ მიმავალ გზას, და არ აჩვენებს არსებულ პრობლემებთან და საკვანძო რეფორმებთან დაკავშირებით კონკრეტულ ძალისხმევას, კომისია ვერ გასცემს რეკომენდაციას საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ", - ნათქვამია ანგარიშში. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასა და შესაბამის განცხადებებთან დაბალია - 49%.

"საქართველო არ შეუერთდა რუსეთთან, ირანთან და ბელარუსთან შემზღუდველ ზომებს. საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა რუსეთთან სხვადასხვა მიმართულებით", - აღნიშნულია ანგარიშში. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ქვეყანას მიენიჭა 9 შესასრულებელი რეკომენდაცია. ამ კონტექსტში საუბარია ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე - რუსული და ანტი-ლგბტ კანონების მიღებაზე და აღნიშნულია, რომ "ეს არ ასახავს მთავრობის დეკლარირებულ ერთგულებას ევროკავშირის გზაზე".

ანგარიშში მოყვანილია ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის განცხადებაც, როდესაც საბჭომ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე, რომელიც ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც არის დაფუძნებული ევროკავშირი. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე სერიოზული გავლენა იქონია ქართველი მაღალჩინოსნების მხრიდან ანტიევროპულმა განცხადებებმა.

"ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს დეზინფორმაციის გავრცელება EU-ის ღირებულებებზე და ამის ნაცვლად, დაიწყოს დეზინფორმაციასთან და მტრულ პოლიტიკურ რიტორიკასთან ბრძოლა. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ თავდასხმები მედიაზე, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებზე სათანადოდ იყოს გამოძიებული და უზრუნველყოს, რომ მათი მუშაობისთვის ხელსაყრელი გარემო გარანტირებული იყოს", - ვკითხულობთ ანგარიშში.

გაფართოების შესახებ ანგარიშში საუბარია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და დაფიქსირებულ ხარვეზებზე. აღნიშნულია, რომ საჭიროა ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა, რომელიც განსაზღვრული იყო რეკომენდაციებში.

"საქართველოში პირველად სრულად პროპორციული არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა. პირველად იქნა გამოყენებული 5%-იანი ბარიერი და ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურები.

ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნების თანახმად, ადგილი ჰქონდა რამდენიმე ნაკლოვანებას დაძაბულ და ძლიერ პოლარიზებულ გარემოში.

მოხსენებული ხარვეზები მოიცავს მიღებულ ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში, ხმის ფარულობასთან დაკავშირებულ კომპრომატებს, პროცედურული შეუსაბამობებს, ამომრჩევლის დაშინებასა და ზეწოლას, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე.

ეს წინასწარი შედეგები ადასტურებს, რომ საჭიროა ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა, რაც ხაზგასმული იყო წინა საკვანძო რეკომენდაციებში", - ნათქვამია ანგარიშში. 

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ახლა მნიშვნელოვანია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი სრულ პოლიტიკურ სპექტრში. ასევე ნათქვამია, რომ საჭიროა ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები – ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.

ანგარიშის თანახმად, მთავრობამ უნდა გააუმჯობესოს მიმდინარე სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციის მიდგომებისადმი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად - გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.


close დახურვა