logo
ENG



ანდრას რადო - არ ვხურავთ ქუთაისის ბაზას, ფუნქციონირება გაურკვეველი ვადით შეწყვეტილი იქნება

01 ივლ 202017:05
3 წუთის საკითხავი
clock 362

Wizz Air-ის ​წარმომადგენელი ქუთაისის აეროპორტში ბაზების გაუქმებასთან დაკავშირებით „ფორმულასთან“ საუბრობს.

მისი თქმით, ქუთაისში ჰაბის დახურვა კომპანიას განზრახული არ აქვს, ბაზის ფუნქციონირება კი დროებით, გაურკვეველი ვადით შეწყვეტილი იქნება. ამ დროისთვის ქუთაისში ვიზეარის თვითმფრინავები არ დგანან ისინი პარკირებაზე სხვა ქვეყანაში არიან გადაყვანილი. 

ვიდრე საქართველოს მთავრობას ფრენები შეჩერებული აქვს, Wizz Air სხვა და სხვა ქვეყნებში არაერთ რეისს და ახალ ჰაბს ხსნის.

„ჩვენ არ ვხურავთ ქუთაისის ბაზას. ამ ეტაპზე დახურვა გეგმაში არ გვაქვს. ჩვენ ვწყვეტთ ოპერაციებს და სამწუხაროდ უნდა შევწყვიტოთ ბოლო თვეებში პანდემიის გამო. ბაზის ფუნქციონირება გაურკვეველი ვადით დროებით შეწყვეტილი იქნება და შეგატყობინებთ, როდესაც ეს გადაწყვეტილება შეიცვლება.

ამ დროისთვის აღარ გვაქვს თვითმფრინავები ქუთაისში, ისინი სხვაგან არიან პარკირებულები და როგორც კი ქუთაისი განაახლებს ფუნქციონირებას დავაბრუნებთ.

ჩვენ გამოვაცხადეთ ევროპაში ახალი ბაზების შესახებ, ახლახანს გავხსენით ლარნაკა, დორტმუნდი, მილანი, ტირანა. ჩვენს ქსელს დავამატეთ ზალცბურგი და ასობით ახალი მიმართულება ბოლო კვირებსა და თვეებში“, - აცხადებს ავიაკომპანია Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრას რადო.

დაბალბიუჯეტიანმა უნგრულმა ავიაკომპანია ვიზეარმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია ფრენების აღდგენისთანავე მზადყოფნას გამოხატავს, რათა საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის მგზავრების გადაყვანა განახორციელოს. მიუხედავად ამისა, განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რჩება თუ არა Wizz Air-ის ბაზა ქუთაისში.

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, კომპანია Wizz Air ქუთაისის ბაზის გაუქმების შესახებ. კომპანიას საქართველოში 5 თვითმფრინავი ჰყავდა ბაზირებული, რომელიც ფრენებს 40-მდე მიმართულებით ასრულებდა. 

საქართველო ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში მოხვდა. გადაწყვეტილების მიუხედავად, ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა რეგულარული საერთაშორისო ფრენების აღდგენას 1-ელ აგვისტომდე არ აპირებს.

 


close დახურვა