logo
ENG



ანზორ ბიწაძე: მთავრობა თვითდასაქმებულ ადამიანებს დღეში 1,60 თეთრს აძლევს გამოსაკვებად

25 აპრ 202011:26
3 წუთის საკითხავი
 
c3xy810i86l3hdx.png

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წევრმა ანზორ ბიწაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, გამოყოფილი დახმარებები, რომელთაც ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს მოსახლეობის ნაწილს სთავაზობს, არასაკმარისია.

ბიწა​ძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის 200-ლარიანი დახმარება ყოველთვიურად გაიცემა, საზოგადოებას დღის განმავლობაში ოჯახის გამოკვება 2 დოლარად მოუწევს, რაც არასაკმარისია. 

მისივე თქმით, მთავრობის მიერ დაანონსებული დახმარება თვითდასაქმებულებისათვის კითხვის ნიშნებს აჩენს, რადგან ყველა თვითდასაქმებული ადამიანის იდენტიფიცირებას მთავრობა ვერ მოახდენს, რაც იმას ნიშნავს, რომ 4-დან ერთი თვითდასაქმებული შეძლებს ამ დახმარების მიღებას. 

„გუშინ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან ოპოზიციის საგნობრივი და არაპოპულისტური კრიტიკა მოისმინონ და გაითვალისწინონ, ჩვენ შემოგთავაზებთ ჩვენი პარტიის ობიექტურ პოზიციას გუშინ გაკეთებულ მთავრობის განცხადებასთან დაკავშირებით. 

გუშინ საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ოფიციალური ტყუილი, რომ მის მიერ გაცემული დახმარებები მსყიდველუნარიანობით უახლოვდება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ საკუთარ მოქალაქეებზე გაცემულ დახმარებას, რაც ტყუილი გახლავთ და ამის გადამოწმება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. 

ამერიკის მთავრობის მიერ გათვალისწინებული დახმარებით $1200-ით, თქვენ ამერიკაში შეგიძლიათ შეიძინოთ 441 კგ კარტოფილი, მაშინ როდესაც საქართველოს მთავრობის მიერ გათვალისწინებული 200-ლარიანი დახმარებით 80 კგ კარტოფილის შეძენაა შესაძლებელი.

საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული ყველაზე დიდი ციფრი დახმარებასთან დაკავშირებით 200 ლარს შეადგენს. სხვაობა მსყიდველუნარიანობას შორის მაინც ხუთნახევარზე მეტია. ასეთი მაგალითები და ასეთი ტყუილები, უბრალოდ, სასაცილოა.

უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის შეთავაზებულია 200-ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში. ეს გახლავთ დღეში 2 დოლარი მათი ოჯახების გამოსაკვებად, რაც საარსებო მინიმუმზე დაბალი თანხაა. სამწუხაროდ ეს საარსებო მინიმუმი კიდევ მოიმატებს მომდევნო თვეების განმავლობაში. 

თვითდასაქმებულ ადამიანებს საქართველოს მთავრობა სთავაზობს ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მთელი ამ 6 თვის განმავლობაში.

თვითდასაქმებულ ადამიანებს საქართველოს მთავრობა სთავაზობს, რომ ოჯახები 1,60 თეთრად გამოკვებოს. მოვისმინეთ საქართველოს მთავრობისგან, რომ არსებობს პრობლემა იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ თვითდასაქმებული ადამიანების ნაწილი საერთოდ ვერ მიიღებს დახმარებას, ან მათ მიერ ამ დახმარების მიღება დროში გაიწელება. 

საქართველოს ბიუჯეტში გამოყოფილია 785 მილიონი ლარი ამ ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების დასარიგებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ 1,60 თეთრს, რომელიც დღიურად გამოდის, მიიღებს 4-დან მხოლოდ ერთი დასაქმებული“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ. 


close დახურვა