არასაპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას სხვა გზა აღარ ჰქონდა და ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა მიეღო. ოპოზიცია ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებასა და გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
„ლელო საქართველოსთვის“ წევრი, გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ საკონსტირუციო ცვლილებებს ქვეყნის დემოკრატიულ პროცესში მნიშვნელოვანია.
„ლელო საქართველოსთვის მიესალმება დღეს პირველი მოსმენით მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევთ რომ ეს გადაწყვეტილება ბოლომდე იყოს მიყვანილი, იმისთვის, რომ ქართულმა დემოკრატიამ და საუკეთესო ეროვნულმა ინტერესმა ერთხელ და სამუდამოდ ნახოს გამარჯვება, იმისათვის რომ საქართველოს ხალხის უმრავლესობის დემოკრატიული სურვილი დაკმაყოფილდეს და ჩვენ მივიღოთ რაც შეიძლება დემოკრატიული მშვიდი და ცივილური არჩევნები“,-აცხადებს გრიგოლ გეგელია.
პარტიაში „გამარჯვებული საქართველო“ კენჭისყრაში ევროპული საქართველოს მონაწილეობას დადებითად აფასებენ. როგორც ანზორ ბიწაძე აცხადებს, არსებული ხელისუფლების პირობებში საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების საფრთხე არსებობდა.
„გუშნდელმა პარლამენტის სხდომამ ნათლად დაგვანახა, რომ ევროპული საქართველოს გადაწყვეტილება იყო სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება, კემნჭისყრაში მონაწილეობის მიღება. არსებული ხელისუფლების ბუნებიდან გამომდნარე არანაირი გარანტია არ გვქონდა, რომ "ქართული ოცნების" სამ, ან ოთხ დეპუტატს სიცხეს მისცემდა, ან ვინმე საცობში მოხვდებოდა კენჭისყრისწინ. კარგია, რომ კიდევ უფრო მივუახლოვდით მეტ-ნაკლებად პროპორციულ არჩევნებს ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ მოქალაქისთვის, ვისთვისაც სულ ერთი არ არის მისი ხმა დაიკარგება თუ არა, მოიპარავენ თუ არა მის ხმას და ჩატარდება თუ არა ნორმალური არჩევნები ქვეყანაში“,-განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
შეგახსენებთ, 21 ივნისს პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. გუშინდელ პროცესს არ დასწრებიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, ცვლილებებს მხარი დაუწირა ევროპულმა საქართველომ.