logo
ENG



ანთაძე: განვიხილეთ ოჯახის წევრების ვიზიტის შესაძლებლობა გახელაძის მოსანახულებლად

15 ივნ 202118:34
3 წუთის საკითხავი
 
ანთაძე: განვიხილეთ ოჯახის წევრების ვიზიტის შესაძლებლობა გახელაძის მოსანახულებლად
კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება

ერგნეთში მორიგი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, თუმცა სუს-ის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ზაზა გახელაძის საკითხზე კონსულტაციები გრძელდება, განიხილავენ ოჯახის წევრების ცხინვალში ვიზიტის შესაძლებლობას. 

"ზაზა გახელაძის საკითხი დაისვა ძალიან პრინციპულად, როგორც ყოველთვის, ამაზე გვქონდა მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორებისაგან. იყო კონსულტაციუები, ამ ეტაპზე შეიძლება ვთქვა, რომ ეს კონსულტაციები გრძელდება.

განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ მოხერხდეს ოჯახის წევრების ვიზიტი ცხინვალში ზაზა გახელაძის მოსანახულებლად, იმედია, უახლოეს მომავალში ეს თარიღი ცნობილი გახდება", - უთხრა ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს და დაამატა, რომ კონსულტაციების გაგრძელება "მრავლისმეტყველია". 

მისივე თქმით, დაპირება, რომ ზაზა გახელაძე და საქართველოს სხვა მოქალაქეები დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს, ძალაშია და ამაზე მიდის მუშაობა. 

ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლებისგან მოტყუებულები დარჩნენ - ირაკლი ღარიბაშვილმა და არჩილ თალაკვაძემ მათთვის მიცემული პირობა არ შეასრულეს და ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგეს. 

ისინი ზაზა გახელაძის 23 ივნისამდე გათავისუფლებას ითხოვენ - ამ დღეს ის 34 წლის ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებს აანონსებენ. 

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. მართალია, სასამართლო პროცესზე რამდენიმე რუსმა ჯარისკაცმა უარყო, რომ გახელაძემ მათი მიმართულებით ისროლა, ე.წ სასამართლომ ის მაინც დამნაშავედ სცნო. ზაზა გახელაძემ ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა.

 


close დახურვა