logo
ENG



ანიტა ჰიპერი პარტიების აკრძალვაზე: მორიგი ნაბიჯია, რომელიც ქვეყანას EU-ის გზისგან აშორებს

29 ოქტ 202517:24
3 წუთის საკითხავი
 

ევროკომისიის სპიკერის ანიტა ჰიპერის შეფასებით, ქართული ოცნების მიერ პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა - "მორიგი ნაბიჯია, რომელიც ქვეყანას დემოკრატიას და ევროკავშირისკენ მიმავალ გზას აშორებს".

"საქართველოში არსებული სიტუაცია ასეთია - არსებობს 4 ოპოზიციური პარტია და აქედან 3 აკრძალვის საფრთხის წინაშეა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ თუ ნამდვილად ასეთი ძლიერები ხართ საკუთარ ლეგიტიმაციასა და დემოკრატიულ ძალისხმევაში, საფრთხესაც არ გრძნობ, არც ოპონენტების აკრძალვის სურვილი გაქვს და არც დიალოგის მოკვლის. ასე რომ. ეს არის ქართული ოცნების მორიგი ნაბიჯი, რომელიც აშორებს ქვეყანას დემოკრატიას და ევროკავშირისკენ მიმავალ გზას", - აცხადებს ანიტა ჰიპერი.

ანიტა ჰიპერს ფორმულას ჟურნალისტმა ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზეც ჰკითხა, რაზეც ევროკომისიის სპიკერმა განაცხადა:

"დაკავებები, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავების ჩათვლით, რა თქმა უნდა, საქართველოს სასამართლოს და ხელისუფლების საქმეა. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას ამასთან დაკავშირებით - ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო საქართველოს მხარდაჭერა და ის, რომ დამოუკიდებელი ყოფილიყო მისი სახელმწიფო ინსტიტუტები და სასამართლო, რომ ეს სახელმწიფო ინსტიტუტები ყოფილიყო პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი. ამ კუთხით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არ ისარგებლოს ჩვენი მხარდაჭერით და სხვა მიმართულებით წავიდეს", - თქვა ანიტა ჰიპერმა.

ქართულ ოცნებას პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. 

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩამოთვალა პარტიები, რომლებსაც აკრძალვას უპირებენ.

ეს პარტიებია:

  • ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა
  • კოალიცია ცვლილებისთვის - შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ საუბარია კონკრეტულად პარტია ახალზე
  • ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის

close დახურვა