„ფორმულანიუსის“ კამერამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტში კონსულტაციები გადაიღო. საგანგებო კონსულტაციები მამუკა მდინარაძის კაბინეტში დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შეხვედრას ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარები და კომიტეტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ვრცელი კომენტარი არ გააკეთეს. მათ თქვეს, რომ განხილვის მთავარი თემა საორგანიზაციო საკითხები იყო თუმცა არ უარყვეს, რომ ერთ-ერთი საკითხი, სწორედ საარჩევნო სისტემა და მოახლოებული მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გახდა.
რაც შეეხება, მმართველი გუნდის პოზიციას - რა სტრატეგიით გეგმავს მმართველი პარტია მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე მისვლას ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ისინი საჯარო განცხადებებით ამბობენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ და მათ მიერ წარმოდგენილი ე.წ. კომპრომისული ვარიანტი, რომელიც მიზნად ისახავს მანდატების გადანაწილებას პროპორციით 100-50-ზე არ გადაიხედება.
„ძაან ბუნებრივია ხან უმრავლესობაში ვიკრიბებით, ხან ფრაქციაში საპარლამენტო ცხოვრებაა. ოპოზიციასთან დაკავშირებულ მოახლოებულ მოლაპარაკებებზე განცხადებები გაკეთებული გვაქვს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა რატი იონათამიშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე მსჯელობა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.
„საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ჩვენ ეტაპობრივად ვმსჯელობთ, თუმცა ახლა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ვიყავით შეკრებილები“, - განმარტავს ანრი ოხანაშვილი.