ანტიდასავლური კამპანიის მასშტაბები საქართველოში მნიშვნელოვნად გაზრდილია, - ამ დასკვნამდე მივიდა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე მოკვლევის ჯგუფი, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან ფუნქციონირებს.
ჯგუფმა დღეს ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას ანტიდასავლურ კამპანიასთან დაკავშირებით რეკომენდაციები შესთავაზა.
"დეზინფორმაციის და პროპაგანდის მიმართულებით სახელმწიფოს არ გააჩნია პოლიტიკა და სწორი ხედვები. ჩანს ძალიან კარგად ის, რომ დეზინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა ძლიერდება ქვეყანაში და ცდილობს, რომ გავლენა მოახდინოს ჩვენს მოქალაქეებზე, იმისათვის, რომ ქვეყნის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები შეიცვალოს", - აღნიშნა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა.
მის აზრს იზიარებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე.
"ოპოზიციის მიერ შეტანილი კანონების მთელი პაკეტი სწორედ ამ თემას ეხებოდა და მიზნად ისახავდა, რომ რუსეთის პროპაგანდისტული გავლენები შემცირებულიყო საკანონმდებლო ინსტრუმენტების მიღების გზით", - განაცხადა კაპანაძემ.