logo
ENG



ანტიკორუფციულმა პოლიტიკურ პარტიებს ბოლო 8 თვის ფინანსური ანგარიშის წარდგენა დაავალა

27 აგვ 202412:19
3 წუთის საკითხავი
 

ანტიკორუფციულმა ბიურომ პოლიტიკურ პარტიებს ბოლო 8 თვის ფინანსური ანგარიშის წარდგენა დაავალა. ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე ოპოზიციურ პარტიებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ისინი სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ დაფინანსებას.

"ანტიკორუფციული ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ პოლიტიკური პარტიები, კერძოდ: „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის, „კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ „ელენე ხოშტარია-დროა“ და „ახალი ერთობა - გვარამია, მელია“ - დაფინანსებას, სრულად ან ნაწილობრივ, არ ასაჯაროებენ. ამავდროულად, მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. აღნიშნული სქემით, უცხოური ფულით პოლიტიკური პარტიებისა და პროცესების მხარდაჭერა წარმოადგენს საფრთხეს სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის”, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

მისივე თქმით, ფინანსური ანგარიშის წარდგენა ქართულ ოცნებასაც ეხება. 

ამავე დროს, კუპრაშვილმა NDI-ს ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს) და IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს) მიმართა, მათ მიერ გაცემული გრანტების გამჭვირვალობა უზრუნველყონ, რათა "დაფინანსებული ღონისძიებები არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად".

"იმ მიზნით, რომ არ შემცირდეს პოლიტიკური კამპანიის ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტი და ამ გზით მოქალაქეებს არ შეეზღუდოთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: 2024 წლის 31 აგვისტომდე, ყველა საარჩევნო სუბიექტმა წარმოადგინოს მიმდინარე წლის 8 თვის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია", - განაცხადა კუპრაშვილმა.


close დახურვა