logo
ENG



აპატურაი: ნატო შეშფოთებას გამოთქვამს მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების გამო

27 სექ 202018:36
3 წუთის საკითხავი
 
r8f5fzoacatfj5a.jpg

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. 

როგორც აპატურაის განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით მოლაპარაკებები უნდა განაახლონ. 

"ნატო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეხების ხაზთან ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო. მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები, რომლებსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე უკვე იმსხვერპლეს. ეს კონფლიქტი არ უნდა გადაიჭრას საომარი მოქმედებების მეშვეობით. მხარეებმა უნდა განაახლონ მოლაპარაკებები მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით. ნატო მხარს უჭერს ეუთო-ს მინსკის ჯგუფს", - აღნიშნულია ჯეიმს აპატურაის განცხადებაში. 

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი დღეს, 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა.

სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის თქმით, დაიბომბა სოფლები და ქალაქი სტეფანაკერტი. სამხედრო იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 2 ადამიანი დაიჭრა.

ფაშინიანმა მალევე საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. ოფიციალური აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს.

სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა.


close დახურვა