logo
ENG



აპატურაი: საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში დარჩენის დრო არ აქვს

17 მარ 202121:59
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/17/aywaqtb7nij3xu7.jpg

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შესახებ წერს, რომ საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში დარჩენის დრო აღარ აქვს. 

აპატურაი პოლარიზაციის შემცირების და ნორმალური პოლიტიკური პროცესის აღდგენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიზნით, ოპოზიცია პარლამენტში უნდა დაბრუნდეს, მხარეებმა კი საერთო გზა უნდა გამონახონ პროცესის წინ წასაყვანად. 

"ჩემი მთავარი დასკვნაა: რეგიონული სიტუაციის, კოვიდკრიზისის, რეფორმების გაგრძელების და გაძლიერების მყარი საჭიროების გათვალისწინებით, საქართველოს აღარ აქვს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო. რაც შეიძლება სწრაფად, პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა შემცირდეს, ოპოზიციური პარტიები კი პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ, მისი სათანადო ფუნქციონირებისთვის. ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს საერთო გზაზე, პოლიტიკური პროცესის წინ წასაყვანად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან მედიაციის მცდელობას, რომელსაც ორი შესანიშნავი დიპლომატი უძღვება", - წერს აპატურაი Facebook-ზე

კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოზიციების დაახლოების მიმართულებით, შეხვედრა რთულ და მძიმე ვითარებაში წარიმართა. 

საპირისპიროს აცხადებს სახელისუფლებო მხარე. თალაკვაძე და კობახიძე შეხვედრას დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების პროცესი სწორი მიმართულებით მიდის. 

მხარეებს შორის დანიელსონის მედიაციით შემდგომი შეხვედრა ხვალ გაიმართება. 

პარალელურად, დასრულდა ბრიუსელში ასოცირების საბჭოს სხდომის ფარგლებში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი. ღარიბაშვილი ევროპული კომისიის პრეზიდენტს, უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ნატო-ს გენერალურ მდივანს და საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებს შეხვდა. 

შეხვედრების დასრულების შემდეგ, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროდეპუტატებს არაფორმალური, საკონტაქტო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრის და შარლ მიშელის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით. 

ღარიბაშვილი თბილისში ხვალ დაბრუნდება და ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომას უხელმძღვანელებს.


close დახურვა