როდის გახდება ცნობილი ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების სია - ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა. მათი თქმით, უახლოეს ერთ კვირაში თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება.
„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა შეთანხმება შედგეს და რომ ეს მისთვის ამოსავალი წერტილია.
„ყველა კოლეგა ოპოზიციონერს ვეუბნები, რომ დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ, ამომრჩეველიც დავამშვიდოთ. შევიკრიბებით ერთად, ყველა საკუთარ პოზიციას დავაფიქსირებთ, ამის შემდეგ კიდევ შეჯერება დაგვჭირდება და საბოლოო ჯამში უნდა გვესმოდეს, რომ სხვა გზა არ გვაქვს, შეთანხმება აუცილებლად უნდა შედგეს. ეს არის ჩემთვის ამოსავალი წერტილი. თუ ვიცი მიზანი რა მაქვს, მერე უკვე საშუალებას ყველანაირად ვიპოვი, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული. განიხილება ჩემი გვარი, განიხილებოდა თავიდანვე, მაგრამ განვიხილავთ. არ აქვს მნიშვნელობა რომელი რაიონი იქნება“, - განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება „ლელოს“, პარტიის წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ მათი გეგმები უცვლელია და არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად აპირებენ.
„ლელოს გეგმა უცვლელია. ჩვენ გავდივართ დამოუკიდებლად საქართველოს ყველა ოლქში. ჩვენ ვაპირებთ, რომ ახალი პოლუსი შევქმნათ, ვიბრძოლოთ განახლებისთვის როგორც შინაარსის დონეზე, ასევე შემართების დონეზე. ქართული პოლიტიკა უნდა დაემსგავსოს პოლიტიკას, უნდა იყოს ძალიან სხვანაირი ვიდრე ის არის დღეს. ჩვენ თეორიულ ვარიანტად განვიხილავთ იმ შემოთავაზებასაც, რომელიც არსებობს, მაგრამ ეს არის მხოლოდ თეორიული ვარიანტი. უმთავრესი არის ივანიშვილის სახლში გაშვება მშვიდობიანად და დემოკრატიულად, ასევე ქართული პოლიტიკის შინაარსობრივი, თვისობრივი განახლება“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
მაჟორიტარებთან დაკავშირებით მედიაში კონკრეტული გვარების შესახებაც ვრცელდება ინფორმაცია. სავარაუდოდ, დედაქალაქში 2 მაჟორიტარობის კანდიდატი ეყოლება „ნაციონალურ მოძრაობას“, 2 – „ევროპულ საქართველოს“. საუბარია ასევე იმაზე, რომ ერთ-ერთი კანდიდატი იქნება „ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.