„არ გაბედო ჩაგდება" - პარლამენტთან ამ გზავნილის გარშემო შეიკრიბნენ. საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანის მომხრეები ტრანსპარანტებითა და შეძახილებით „ქართული ოცნების“ დეპუტატებისგან პროპორციული საარჩევნო სისტემის მხარდაჭერას მოითხოვდნენ. თეთრი ყვავილებით, მივიდა პარლამენტის წინ დღეს მაკო გომური, მშვიდობიანი აქციისა და ხელისუფლების უძრაობის სიმბოლოს საჩვენებლად.
გომურის მსგავსად 90-დღიანი ანტისაოკუპაციო მოძრაობის სხვა წევრებიც ამბობენ, რომ ხელისუფლება მოსახლეობას საკუთარ მონაპოვარს არ უნდა ართმევდეს. მმართველი გუნდი პირობის შესრულებას არ გეგმავს და კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს. აქციის მონაწილეები პარლამენტის თითქმის ყველა შესასვლელთან იდგნენ. დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე შესვლამდე სამოქალაქო საზოგადოების კორდონის გავლა უწევდათ. მოგვიანებით, აქციის მონაწილეთა ნაწილმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სცადეს. მათ საშვი ჰქონდათ, თუმცა დაცვის სამსახურმა მათ შენობაში შესვლის უფლება არ მისცა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, აქცია ხვალ, 14 ნოემბერსაც გაიმართება. კენჭისყრის შედეგებს, რომელიც ხვალ გაიმართება, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ დაელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მიმდინარეობდა სესია, რომელზეც დეპუტატებს კენჭი უნდა ეყარათ ცვლილებისთვის - საპარლამენტო სისტემა გადავიდეს მაჟორიტარულიდან პროპორციულ მოდელზე. საკითხის კენჭისყრა გადაიდო და ის ხვალ, 14 ნოემბერს შედგება. მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ დროს წელავს და სურს მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდოს. ეს ეჭვები კი გამოიწვია მმართველი გუნდის რამოდენიმე მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებამ, რომლებმაც 12 ნოემბერს განაცხადეს, რომ ისინი კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ და იმ შემთხვევაში თუ პარტიაში აზრის შეცვლას აიძულებენ, დეპუტატის მანდატს დატოვებენ.