უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების ნაწილი გაუსაძლისს პირობებში არიან. ემიგრანტები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
„ფორმულას“ პოლონეთში მცხოვრები ერთ-ერთი ემიგრანტი უყვება, რომ ძლიან ბევრი ქართველი უსახლკაროდაა დარჩენილი.
„მე ჰოსტელში ვარ. ხვალიდან აღარ მაჩერებს მეპატრონე, თანხა არ მაქვს. ალბათ, იქ ვიქნები, სადაც სხვა ქართველები არიან - ზოგი აეროპორტშია, ზოგი სად და ზოგი სად. სპეცრეიზი რომ დაინიშნა, მაგდენი თანხა არ მქონდა. ველოდებოდი რაიმე ისეთს, რისი საშუალებაც მექნებოდა, 21-მდე აქ თუ მოგვიწია ყოფნა, ალბათ, აქ დავიხოცებით“, - აცხადებს ემიგრანტი, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა.
ემიგრანტი იტალიაში ნინო ვარდანიძე კი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მალე არ დაინიშნება რეისები, შესაძლოა, მისთვის ეს ფატალურად დასრულდეს.
„მოხუცის შვილმა ამიკრძალა გარეთ გასვლა, რადგან არალეგალი ვარ. ვერც აფთიაქში და ვერც სხვაგან ჩავალ. ახალ წლამდე დავჯავშნე ბილეთი. არ ვიცი როდემდე შეიძლება ორგანიზმმა გაუძლოს ამას. ხანდახან არის დღეები, რომ გადაადგილება მიჭირს“, - აცხადებს ვარდანიძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მედიას საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად დანიშნული ავიარეისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, უახლოესი ორი კვირის მანძილზე სპეციალური რეისები რამდენიმე ქვეყნიდან შესრულდება.