იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს უნდა მოუსმინონ, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია მივიდა. ხოშტარიას ბიძინა ივანიშვილის გამოსახულების მქონე ნიღაბი უკეთია.
ხოშტარიამ გაშალა პლაკატი, სადაც ეწერა "მონა". სწორედ ივანიშვილის მონა უწოდა ხოშტარიამ შოთაძეს.
„არ ვაპირებ ჩაშლას, არ მინდა თქვენნაირი მონები აქ ისხდნენ. შეხედეთ პოლიტპატიმრებს და გაიაზრეთ რა მონები ხართ თქვენ. შოთაძემ მინდა თვალებში ჩახედოს პოლიტპატიმრებს. ძალიან მალე დაამთავრებთ თქვენ“, - განაცხადა ხოშტარიამ.
მოგვიანებით, ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს თავად გენერალური პროკურორობის კანდიტატს.
"ინციდენტის მომწყობებს უნდა დაუსვათ კითხვები და არა მე. უხერხულობას უნდა გრძნობდნენ ის ადამიანები, ვისაც შინაგანი კულტურა არ გააჩნია", - განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა.
შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ამავდროულად, პარლამენტში შოთაძის მოსმენამდე მისი მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობა შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.