logo
ENG



არა ფობიას: ღარიბაშვილის განცხადება უპირობოდ ახალისებს ჰომოფობიურად წარმოშობილ ძალადობას

04 სექ 202114:12
3 წუთის საკითხავი
clock 1366
არა ფობიას: ღარიბაშვილის განცხადება უპირობოდ ახალისებს ჰომოფობიურად წარმოშობილ ძალადობას

სამოქალაქო პლატფორმა არა ფობიას აღმაშფოთებელს უწოდებს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში პროვოკაცია იყო, რაც ხელისუფლებამ თავიდან აიცილა. 

ორგანიზაციები ამბობენ, რომ პრემიერმინისტრის ეს ნათქვამი ზრდის საზოგადოების პოლარიზაციის ხარისხს და აძლიერებს ჰომოფობიურ ნიადაგზე წარმოშობილ ძალადობის მუხტს.

3 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გააკეთა ჰომოფობიური განცხადება და წაახალისა ძალადობა - მან თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა ებრძვის ეკლესიას, პატრიარქს, ჯარს, პოლიციას, სასამართლოს და იგონებს ათას პროვოკაციას". პრემიერმინისტრის განცხადებით, "ამიტომ დგანან ისინი ლგბტ მარშის კამპანიის უკან და მათი ორგანიზებით ხდებოდა ის პროვოკაცია, რომელიც თავიდან ავიცილეთ ჩვენ". მან ასევე "დაგმო ჟურნალისტებზე ძალადობა". 

არა ფობიას ხაზს უსვამს, რომ ღარიბაშვილი ძალადობრივი ჯგუფების მიერ განხორციელებულ ქმედებებს ნეგატიურად აფასებს მხოლოდ ჟურნალისტების მისამართით გამოვლენილი აგრესიის კონტექსტში, თუმცა ლიბერალურ-დემოკრატიულ სახელმწიფოსთან შეუსაბამოდ არ მიიჩნევს თავისთავად იმ ფაქტს, რომ LGBTQ+ თემის წარმომადგენლებმა ვერ ისარგებლეს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით, სახელმწიფომ კი კონსტიტუციით მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში, არ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება.

ორგანიზაციების შეფასებით, "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, საზოგადოების გარკვეულ წრეებში არსებული მძლავრი ჰომოფობიური განწყობის ფონზე პრემიერმინისტრის განცხადება შეიცავს დასავლურ ღირებულებებთან შეუსაბამო პოპულიზმის ელემენტებს, რითაც იგი ჰომოფობიურ განწყობებს, ფაქტობრივად, პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად აქცევს". 

"ხაზგასასმელია ისიც, რომ 3 სექტემბრის განცხადება მცდარი ინფორმაციის შემცველია. პრემიერ-მინისტრის თქმით, „ყველა მოძალადე დაკავებულია და დასჯილია", თუმცა, რეალურად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განაჩენი ჯერ არც ერთი პირის წინააღმდეგ არ დამდგარა, ხოლო მოძალადეების ნაწილი, მათ შორის ორგანიზატორები ამ დრომდე არ არიან დაკავებულნი. მსგავსი განცხადებები ააშკარავებს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას: შექმნას დანაშაულზე რეაგირების ილუზია და არ დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორები. ამგვარი მიდგომა კი უპირობოდ ახალისებს ჰომოფობიურ ნიადაგზე წარმოშობილ ძალადობას. 

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა მსგავსი განცხადებები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება დეკლარირებულად ამბობს უარს კანონის უზენაესობის პრინციპისა და  ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სათანადოდ რეალიზებაზე, რაც ძირს უთხრის სახელმწიფო მოწყობის ლიბერალურ-დემოკრატიულ საფუძვლებს და კიდევ უფრო აფერხებს ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას". - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: 

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • თბილისი პრაიდი
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • უფლებები საქართველო (RG)

5 ივლისს, 18:00 საათზე თბილისი პრაიდის ფარგლებში რუსთაველის მეტროდან ღირსების მარში უნდა გამართულიყო. 

მოძალადე ჯგუფებმა აქციის დასარბევად შეკრება წინა ღამეს დაიწყეს. 5 ივლისის დილით 10:00 საათიდან კი მათ ჯერ პარლამენტის წინ განთავსებული ოპოზიციური კარვები აიღეს, შემდეგ კი ჟურნალისტების ცემა დაიწყეს და მათ ფიზიკურად რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკად უსწორდებოდნენ.

მათ ასევე დაარბიეს მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისები. პრაიდის ორგანიზატორებს უწევდათ სხვადასხვა ადგილას დამალვა, ვინაიდან მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა, მოძალადე ჯგუფები კი მათ ადგილსამყოფელს მალევე იგებდნენ. 

რუსთაველის გამზირზე პოლიცია მცირე რაოდენობით იყო მობილიზებული.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება დაახლოებით 12:00 საათზე გააკეთა და მაშინ, როცა მოძალადეები თბილისის ქუჩებში ადამიანებს სასტიკად სცემდნენ, პასუხისმგებლობა თბილისი პრაიდს დააკისრა. 

"დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე". - განაცხადა ღარიბაშვილმა მაშინ, როცა მოძალადე ჯგუფები ჰომოფობიური მოტივით თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს. 

სახელმწიფოს უმოქმედობის ფონზე დაშავდა 53 ჟურნალისტი. ერთ-ერთი მათგანი, ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა სასტიკად ცემიდან 6 დღეში, 11 ივლისს, საკუთარმა დედამ გარდაცვლილი იპოვა. 


close დახურვა