logo
ENG



არაერთი ეპისკოპოსი გვიჭერს მხარს - თორნიკე მამალაძე მისი ძმის შეწყალების საკითხზე საუბრობს

14 ოქტ 201915:18
3 წუთის საკითხავი
 
ipds75qj7tehyu8.jpg

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები მეუფე გრიგოლის განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ სასულიერო პირის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული კომენტარი, მათთვის იმედისმომცემია. 

მეუფე გრიგოლმა მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დეკანოზ მამალაძის შეწყალების თემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი შეწყალება პრობლემა არ უნდა იყოს ქვეყანაში, სადაც არაერთი გახმაურებული საქმის ფიგურანტს იწყალებენ

დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე მეუფე გრიგოლის განცხადებას იმის დასტურად აღიქვამს, რომ მამა გიორგის შეწყალების საკითხზე საპატრიარქოში აზრთა სხვადასხვაობაა. თორნიკე მამალაძის თქმით, სინოდის სხდომები სწორედ იმიტომ არ ტარდება, რომ ყოველდღიურად იზრდება დეკანოზის უდანაშაულობაში დარწმუნებულ მღვდელმსახურთა რიცხვი. 

„მეუფე გრიგოლის განცხადებას იმედისმომცემად ვუყურებთ, არაერთი ეპისკოპოსი გვიჭერს მხარს. ფაქტობრივად, ყველა ვინც მონურად არ ემორჩილება სახელმწიფოსა და საპატრიარქოს. ხვალ ვიკრიბებით რუსთაველზე და აქედან გვექნება მსვლელობა, მივალთ ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან, რადგან მან გასცა ბრძანება ჩემი ძმის დაკავების,“ -ამბობს თორნიკე მამალაძე. 

დაკავებული დეკანოზის ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში საპატრიარქო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მამა გიორგი მამალაძე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდება. 15 ოქტომბერს ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციას გამართავენ. ოჯახს მიაჩნია, რომ ივანიშვილის ფიგურა საქმეზე დიდ გავლენას ახდენს. ყოფილი პრემიერის სახლთან აქცია ერთჯერადი იქნება, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ სხვადასხვა უწყებებთან და მაღალჩინოსნების სახლებთან პერმანენტული აქციები გაიმართოს. 


close დახურვა