logo
ENG



არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო ინპექტორის ლეგიტიმაციას ეჭქვეშ აყენებენ

18 დეკ 201920:39
3 წუთის საკითხავი
 
rw1oc8kb5mhkn3r.jpg

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეს იძიებს ფორმალურად დამოუკიდებელი უწყება, - სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომლის საგამოძიებო  მოქმედებებს საპროცესო ზედამხედველობას პროკურატურა უწევს, ხელმძღვანელი პირი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია. აპარატმა სამართალდამცველების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული უნდა შეისწავლოს. 

სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე ლონდა თოლორაიას დანიშვნას თავის დროზე სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა, მათი პროტესტი კი ინსპექტორის შერჩევის  პროცედურას უკავშირდებოდა. შეძლებს თუ არა, პირველივე უმძიმეს შემთხვევაზე ჩატარებული გამოძიებისას უწყების ობიექტურობის დაცვას ინსპექტორის აპარატი,  - ეს საზოგადოების თვალში მთავარი ტესტია.

ერთ-ერთი პირველი ვინც სახელმწიფო ინსპექტორის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო. „საია“ კონკურის პროცესს პროტესტის ნიშნად ჩამოშორდა. მასაც და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ჰქონდათ ეჭვი, რომ „ოცნებამ“ კონკურსის წესები მიზანმიმართულად დაარღვია და პოსტზე ლონდა თოლორაია დაამტკიცა. მას მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამინისტროში ჯერ დეპარტამენტი ჩააბარა, შემდეგ კი სახელმწიფო ინსპექცია გადასცა. მას შემდეგ 6 თვე გავიდა თუმცა მესამე სექტორს ინსპექტორის ლეგიტიმაციის შესახებ კითხვებზე პასუხი ისევ არ აქვს.

„ქართული ოცნება“ ისევ ამტკიცებს, რომ კრიტიკა ობიექტური არ არის. არგუმენტად კი მოჰყავთ გამომძიებლის - მარიამ ჩოლოიანის დაკავების ფაქტი, თუმცა რამდენად დროული იყო რეაგირება - „ოცნება“ ამაზე აქცენტს არ აკეთებს. 

ლონდა თოლორაია „ოცნებამ" ერთპიროვნულად დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა არც ოპოზიციას მიუღია. ოპოზიციური პოლიტიკურ პარტიები ამტკიცებდნენ, რომ პირი რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, სამართალდამცველთა გადაცდომებს ვერ გამოავლენდა. ოპოზიციამ პირველ ეტაპზე პრემიერს ხელახალი კონკურსის გამოცხადება მოსთხოვა, თუმცა უარი მიიღო. ოპოზიცია ეჭვობს, რომ  ინსპექტორი ხელისუფლების მითითებებს ასრულებს და დამოუკიდებლად არ მოქმედებს.

რამდენად ობიექტურად შეისწავლის თოლორაია სამართალდამცველთა გადაცდომას, მაშინ როცა 8 თვის წინ თავადაც იმავე უწყებაში მუშაობდა - მესამე სექტორი ამბობს, რომ ეს არის ტესტი. სახელმწიფო ინსპექტორის მიერ წარმართულ საგამოძიებო მოქმედებებს არასამთავრობო ორგანიზაციები დააკვირდებიან.


close დახურვა