logo
ENG



არასამთავრობოები აქციის მონაწილეების დაკავებაზე: ეს პროცესი მთლიანად პოლიტიზირებულია

21 ნოე 201917:45
3 წუთის საკითხავი
 
w197lsfb2zwblqm.png

16 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. მესამე სექტორი 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული პირების საქმეში დარღვევებზე საუბრობენ. მათი თქმით, აქციის მონაწილეების დაკავებისას და შემდეგ მათ სასამართლო პროცესებზე ყველა სამართლებრივი სტანდარტი დაირღვა. 

არასამთავრობოები ამბობენ, რომ კანონით დადგენილი თითქმის არცერთი მოთხოვნა მოსამართლემ არ გაითვალისწინა. მათ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საკმაოდ პრობლემური იყო ის გარემოება, რომ 37 პირის ბრალდების საქმეს ერთი მოსამართლე განიხილავდა ამხელა სასამართლოში, დარღვეული იყო, როგორც დაკავების ასევე სასამართლოში პროცესის მიმდინარეობის ვადები, თანაბრობის პრინციპი თითქმის არ არსებობდა საქმის განხილვის დროს და მტკიცებულებები მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს შეიცავდა. არასამთავრობოების გავრცელებულ განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ სასამართლოში არცერთ სამართალდამცავს არ წარმოუდგენია სამხრე კამერის ჩანაწერები.

„ეს პროცესი არის მთლიანად პოლიტიზირებული. როგორც ჩანს მოსამართლე არ იყო თავისუფალი თავისი გადაწყვეტილების მიღების მომენტში. ზოგ შემთხვევაში ის გადიოდა სასამართლო პროცესიდან და როგორც ჩანს იღებდა ინსტრუქციებს და ეს აშკარად ჩანდა. ჩვენ ყველანი მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, რომ შეწყვიტოს სახელმწიფო ინსტიტუტების სათავისოდ გამოყენება. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გავაგებინოთ მთელ ქვეყანას და მსოფლიოს, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება,“ - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

„საქართველო დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, გუშინდელი გადაწყვეტილებები ჩვენი სასამართლოს სისტემისთვის ლაკმუსის ქაღალდი იყო. მისივე განცხადებით, სასამართლო სისტემა ხელისუფლების იარაღია, რომელსაც ნებისმიერ დროს გამოიყენებს.

„გუშინდელი გადაწყვეტილებები იყო ლაკმუსის ქაღალდი ჩვენი სასამართლოს სისტემისთვის. სასამართლო სისტემა არის იარაღი ხელისუფლების ხელში და ის მას ნებისმიერ დროს გამოიყენებს. სასამართლოს კლანი, რომელიც ფესვგადგმულია სასამართლოს სისტემაში, ნებისმიერ დროს მზად არის შეასრულოს ყველაზე მძიმე დავალებებიც კი ხელისუფლებისგან და გუშინ ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო,“- განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

 


close დახურვა