გუშინ საღამოს განვითარებულ მოვლენებს უკვე მოჰყვა არასამთავრობო სექტორის შეფასებები. მათი აზრით, ქვეყანაში რადიკალურ ჯგუფებს დაუსჯელობის სინდრომი აქვთ, ხელისუფლებას კი ასეთ ძალებთან გამკლავების სტრატეგია არ გააჩნია.
„კალაძის განცხადება სრული პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა. ჩვენ სწორედ ხელისუფლებას მივაწერთ პასუხისმგებლობას. ამ ჯგუფების რადიკალიზების და მათი ძალადობრივი მოქმედებების პროცესში. ეს ჯგუფები საზოგადოებაში აქტიურდებიან სწორედ იმ დროს როდესაც ხელისუფლების საწინააღმდეგო და კრიტიკული სოციალური პროტესტები ორგანიზდება,“ - განაცხადა EMC-ის იურისტმა თამთა მიქელაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, მარიამ კაპანაძის განცხადებით, გუშინ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი პირი სახელმწიფოა. მისივე განცხადებით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ის, რომ საზოგადოებაში ძალადობრივი ჯგუფების მზარდი ტენდენცია არ იყოს.
„არასერიოზულია ასეთი განცხადება და მით უმეტეს, ამაზე კომენტარის გაკეთება იმიტომ, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი პირი სწორედ რომ სახელმწიფოა და მან უნდა უზრუნველყოს ის, რომ ასეთი მზარდი ტენდენცია არ უნდა იყოს ძალადობრივი ჯგუფების საზოგადოებაში. მათი ქმედებები საპირისპიროზე მიუთითებს. სწორედ ის უმოქმედობა, რომლსაც ავლენს სახელმწიფო, განსაკუთრებით სამართალდამცავი უწყებები ამ მიმართულებით, არის სწორედ იმის წამახალისებელი, რომ ძალადობრივი ჯგუფების მზარდი ტენდენცია გვაქვს,“ - განაცხადა მარიამ კაპანაძემ.