პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან და სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ.
როგორც 16 არასამთავრობოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჩაგდებული კანონპროექტი, შესაძლოა, ქვეყნისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს.
„საქართველოს პარლამენტის მიერ დღეს ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობდა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არ იყო მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსის დაპირება, ან საზოგადოების მცირე ჯგუფის ახირება. ეს მთელი საზოგადოების მოთხოვნა იყო, რომელსაც მხარს უჭერს, ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი ჯგუფი. ამ გადაწყვეტილებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს და ქვეყნის არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და სახელმწიფოს მისატაცებლად, როგორც ჩანს, მზად არის, უსამართლო საარჩევნო სისტემის გამოყენებით, ამომრჩეველს წაართვას ქვეყნის მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობა. ხელსუფლებისთვის ცხადი იყო, რომ მიღებულ გადაწყვტილება მასობრივ საზოგადოებრივ მღელვარებას გამოიწვევდა. ჩვენ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ბოლო დღეებში თავად უწყობდა ხელს ამ მღელვარებას, რაც შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო, ძველი საარჩევნო სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ამ გზით ხელლისუფლბის შენარჩუნების სურვილით. მოვუწოდებთ, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ გაიზიაროს ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა შევიდა და მიიღოს ყველა პოლიტიკური ზომა, იმის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზას, პარლამენტის მიერ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის უზრუნველყოფა წარმოადგენს,“ - ნათქვამია განცხადებაში.