ხაშურის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
"სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნა ბრალდების მხარის პოზიცია პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. მოცემულ საქმეზე გამოძიება გრძელდება სსსკ-ის 137-ე, 141-ე, 151-ე მუხლებით", - განაცხადა პროკურორმა, თორნიკე ბაიდოშვილმა.
დაცვის მხარე ითხოვდა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ გამოყენებულიყო. ადვოკატის თქმით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.
"იგი წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ეს დღესაც დააფიქსირა და მისი პოზიცია არის ცალსახა, იგი აღნიშნულ ქმედებებში არც ერთ მუხლში არ ცნობს თავს დამნაშავედ".
პროკურატურამ კაცს ბრალდება 27 იანვარს წაუყენა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 16 წელს მიუღწეველი მოზარდი გააუპატიურა, მასზე ფიზიკურად იძალადა და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.