logo
ENG



არასრულწლოვნის ცემაზე გამოძიება, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დაიწყო

19 მაი 202013:04
3 წუთის საკითხავი
 
kday217lqj942se.jpg

ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე გამოძიება პოლიციის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მუხლით დაიწყო. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მოქალაქე, რომელიც კომენდანტის საათს არღვევდა პოლიციელების სიტყვიერ გაფრთხილებას არ დაემორჩილა და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-მუხლით დაიწყო, რაც პოლიციის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

"მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე, ძარცვისათვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ჯ-ს ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები, საგანგებო რეჟიმის აღსრულების მიზნით, კომენდანტის საათის დროს შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც მათ ნიკეას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან შენიშნეს მოქალაქე, რომელიც არღვევდა კომენდანტის საათს. პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. ი.ჯ.-მ არ გაითვალისწინა პოლიციის მითითება და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"ინციდენტში ჩაერთნენ ი.ჯ.-ს მეზობლები, რომლებმაც პოლიციელებს არ მისცეს საშუალება, დაეკავებინათ სამართალდამრღვევი, სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმა“, - წერია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში“, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში პოლიციელებს არასრულწლოვნებზე ძალადობაში ადანაშაულებენ. 15 წლის გოგონას დედის თქმით, იმის ნაცვლად, რომ პოლიციელებმა ადამიანები დაიცვან, სამართალდამცველებმა მისი ქალიშვილი სცემეს.

დღეს, ქუთაისის პოლიციის მეოთხე განყოფილებსათან სოციალური საცხოვრებლის მობინადრეები შეიკრიბნენ, ისინი წუხელ მომხდარი ძალადობის ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. თვითხილველების განცხადებით, სამართალდამცველები 15 წლის გოგონას და მის მეგობრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი ინფორმაციით, გვიან ღამით პოლიციამ გარეთ მდგომ ახალგაზრდებს სახლში შესვლისკენ მოუწოდა, რის გამოც დაპირისპირება მოხდა.


close დახურვა