logo
ENG



არახამია: ქართველი ერის მხრიდან ღალატის და ზურგში დანის დარტყმის ნახვა არ გვინდოდა

06 მარ 202216:28
3 წუთის საკითხავი
 
არახამია: ქართველი ერის მხრიდან ღალატის და ზურგში დანის დარტყმის ნახვა არ გვინდოდა

უკრაინის რადის ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერი, დავით არახამია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გაიტანოს რძის პროდუქტები რუსეთში, ღალატს და ზურგში დანის ჩარტყმას უწოდებს. 

მიმართვაში, რომელიც მან დღეს, 6 მარტს გაავრცელა, არახამია ამბობს:

"მინდა, მივმართო ქართველ ხალხს და პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებას. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა მოხსნა ეკონომიკური ბარიერები და სანქციები ქართულ რძის ნაწარმზე, ღვინოსა და სხვა პროდუქტებზე იმისთვის, რომ უკრაინასთან რუსეთის ომის დროს საქართველოს ერთგულება მოიპოვოს. 

მინდა, ყველა ქართველს ვუთხრა და შევახსენო, თავადაც ქართველი ვარ - როცა რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, უკრაინამ, მიუხედავად თავისი ეკონომიკური დანაკარგებისა, საქართველოს ყველა აუცილებელი დახმარება გაუწია. მისცა შეიარღება, ომის ინსტრუქტორები, რათა დახმარებოდა თავის მეგობარ სახელმწიფოს. 

და ეს არის თქვენი პასუხი? ფიქრობთ, რომ ეს ნორმალური პასუხია უკრაინის მიმართ, როცა რუსეთი თავს უკრაინას დაესხა?

გთხოვთ, ქართველო ხალხო, მე თქვენი მჯერა, გაერკვიეთ თქვენს ხელისუფლებასთან, მოაგვარეთ ეს საკითხი, იმიტომ, რომ ქართველი ერის მხრიდან ღალატის და ზურგში დანის დარტყმის ნახვა არ გვინდოდა. 

მე ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ ქართველი ვარ. ვცხოვრობ უკრაინაში, აქ ხელისუფლებაში ვარ. დღეს მრცხვენია"

რუსეთის როსსელხოზნადზორი 15 ქართულ კომპანიას საშუალებას აძლევს, რუსეთში რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს. 

გადაწყვეტილება 5 მარტს, როსსელხოზნადზორის ხელმძღვანელის, სერგეი დანკვერტისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ზურაბ ჩეკურაშვილის შეხვედრის შემდეგ მიიღეს. 

ამ ინფორმაციის პასუხად საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მრავალი წელია, ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. 

ქართული მხარე ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობს. 

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. თუმცა, საქართველო ამ ნაბიჯის გადადგმას არ გეგმავს. 


close დახურვა