უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები უკრაინის მიმართ არამეგობრულია.
ამერიკის ხმასთან ინტერვიუში არესტოვიჩმა თქვა, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერის შემთხვევაში საქართველოც მიიღებდა მხარდაჭერას მთელი მსოფლიოსგან. თუმცა, მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობის წევრები დღეს ცდილობენ, რუსეთის ქმედებები გაამართლონ.
"ჩვენ ამას [საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებას] ღრმა შეშფოთებით ვუყურებთ. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავონ აფხაზეთი და ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს. მთელი მსოფლიოს და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ. ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ცდილობენ, გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები. ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, რადგან ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით. ეს აძლიერებს ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. მე მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს, თავი მოაწონოს რუსეთს თავიანთი ქმედებებით და განცხადებებით. ეს ძალიან დიდი პრობლემაა ქართველი ხალხისთვის და ჩვენთვის". - თქვა ოლექსი არესტოვიჩიმა.
რაც შეეხება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივას იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა, თავისი პირობებით და უსაფრთხოების სხვა გარანტიებით, მაგრამ ნეიტრლაიტეტს დათანხმდება - არესტოვიჩი ამბობს, რომ საქართველო შესაძლოა, გახდეს ალიანსის წევრი და რუსეთმა ეს თავის კომპრომისად ჩათვალოს.
"გაძლიერდებიან ძველი მხარდამჭერები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოც უნდა იყოს ნეიტრალური, თუმცა, მათი გაძლიერება არ ნიშნავს, რომ საქართველო არ შეიძლება, გახდეს NATO-ს წევრი. შანსები, გახდეს ალიანსის წევრი, საქართველოსთვის უფრო მაღალია, ვიდრე უკრაინისთვის. სიდიდიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციამ ეს შეიძლება კომპრომისად ჩათვალოს. თქვას, რომ 4-მილიონიანი საქართველო არ წარმოადგენს დიდ საფრთხეს მისთვის, 40-მილიონიანი უკრაინა კი წარმოადგენს. ამიტომ, შეიძლება გაცვლაზე წავიდნენ - უკრაინა არა და საქართველო კი. თუმცა, ეს ზოგადი საუბარია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ამ ომის შედეგებზე, როცა რუსეთის პოზიციები დასუსტდება, ხოლო მათი პოზიციები, ვინც თვლის, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში უნდა იყოს - გაძლიერდება". - ამბობს არესტოვიჩი.