უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი მოქალაქეებს, ვინც ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინაში ცხოვრობენ, მუშაობის განახლებისა და ყოველდღიურ რუტინაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინის იმ ნაწილებში, სადაც მტრისგან თავდასხმის მყისიერი საფრთხე აღარ დგას, მნიშვნელოვანია ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ამის მიზანი ეკონომიკის აღდგენაა, რაც თავის მხრივ, ნორმალური სოციო-პოლიტიკური ცხოვრების აღდგენის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ადმინისტრაციის მრჩეველი აცხადებს, რომ სამსახურში დაბრუნება, როგორც ადამიანების ფსიქიკისთვისაც კარგი იქნება და უკრაინის ქალაქებში მშვიდობის აღდგენასაც დაეხმარება.
„ჩვენ ყველას მოვუწოდებთ ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდნენ იქ სადაც ეს შესაძლებელია. მტრისგან გათავისუფლებულ ადგილებში, სადაც მყისიერი საფრთხე აღარ დგას. და უფრო მეტად იმ ქალაქებში, რომლებიც ცენტრალურ ნაწილში ან უკრაინის დასავლეთით მდებარეობს.
ეკონომიკის აღდგენა უმნიშვნელოვანესია ნორმალური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების აღდგენისთვის. და ფსიქიკისთვისაც კი - ჩემი მხრივ შემიძლია დავამატო, რომ ყოველდღიურ რუტინასთან დაბრუნება, რაც სამსახურში სიარულთანაა კავშირში, ძალიან სასარგებლოა სულიერი სიმშვიდის, ჯანმრთელობის აღდგენისთვის, ისევე, როგორც მშვიდობისა და ჰარმონიის აღდგენისთვის ჩვენს ქალაქებში.
დღის დევიზია: წადი სამსახურში, დაეხმარე ფრონტს, დაეხმარე უკრაინას“, - აცხადებს არესტოვიჩი.