2012 წლის შემდეგ არ გვინახავს არცერთი დაკავებული ან გამოვლენილი რუსი ჯაშუში, ან თუნდაც ხელისუფლების მიერ სააშკარაოზე გამოტანილი რუსული პროპაგანდისტული საქმიანობის დეტალი. ეს იმ ფონზე, როდესაც ამერიკიდან და ევროპის მრავალი ქვეყნიდან, ყოველწლიურად ვხედავთ არაერთ გაძევებულ რუს დიპლომატს თუ დაკავებულ აგენტს, ესტონეთის საგარეო დაზვერვა კი წლევანდელ ოფიციალურ ანგარიშში ღიად ამხელს რუსეთის დასაყრდენ პროპაგანდისტულ ჯგუფებს საქართველოში. ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საეჭვოდ და გაუმართლებლად დუმს, ისევე როგორც დუმს საქართველოს ხელისუფლება იმაზე, თუ როგორ უმშვენებდნენ გვერდს ვლადიმერ პუტინს სამხედრო აღლუმზე ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ლიდერები სულ რადენიმე დღის წინ.
სამაგიეროდ, სუს აქტიურადაა დაკავებული ფეისბუკ-პოსტების გამო ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა თუ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების დაკითხვაზე დაბარებით და მედიის წინააღმდეგ საქმეების აღძვრით.
ვთანამშრომლობთ თუ არა რუსეთის სპეცსამსახურებთან დანამდვილებით ამის მტკიცება ძნელია. თუმცა არაერთი ჩრდილოკავკასიელის გატაცება თუ გადაცემა საქართველოდან, რომლებიც შემდეგ რუსეთის საპატიმროებში აღმოჩნდნენ, ამ ეჭვს სერიოზულად ამყარებს.