არსებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთში, ბელგოროდის ოლქის სოფელი პოროზი დაიკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი Suspilne VoxCheck-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, დღეს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ აღნიშნულ სოფელში იმყოფებიან. თუმცა ვიდეოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია.
VoxCheck-ისა და Suspilne-ის ანალიტიკოსებმა დაადასტურეს, რომ ვიდეო მართლაც პოროზში, სათემო ხელოვნების ცენტრის წინ არის გადაღებული, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 3 კილომეტრის მოშორებით.
თავის მხრივ, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა აღნიშნა, რომ პოროზში ვითარებას სამართალდამცავები გამოიძიებენ. თუმცა, ამავე პერიოდში, რეგიონში დაწესებული "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის" ფარგლებში, სოფელში შესასვლელი დაკეტილი იქნება.