logo
ENG



არტურ მკოიანის ცოლი ახალქალაქის პოლიციის უფროსს ძალადობაში ადანაშაულებს

24 აგვ 202217:20
3 წუთის საკითხავი
 

24 აგვისტოს, გამთენიისას ახალქალაქში ენმ-ის წევრი, არტურ მკოიანი საკუთარ სახლში დააკავეს. მის სახლში ჩატარდა ჩხრეკა. სამართალდამცველები იარაღს ეძებდნენ. 

ოჯახის წევრების განცხადებით, მათ იარაღი არ ჰქონდათ, დაკავების მოტივი კი პოლიტიკურია, ვინაიდან არტურ მკოიანი ოპოზიციონერია. 

დაკავებული ქართული ოცნების ყოფილი წევრის, ენძელ მკოიანის ძმაა. არტურ მკოიანი 2018 წელს თავადაც იყო მმართველი პარტიის წარმომადგენელი. 

დაკავებულის ცოლის, მინა მკოიანის თქმით, ახლა ოპოზიციაში მყოფი არტურ მკოიანის დაკავებას სათავეში ახალქალაქის პოლიციის უფროსი, შალვა ლომსაძე უდგას. 

მინა მკოიანი ლომსაძეს ფიზიკურ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაშიც ადანაშაულებს. ქალი, რომლის ქმარიც გამთენიისას დააკავეს, ამბობს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა, შალვა ლომსაძემ 2021 წელს გაიტაცა და ძალადობა სცადა. საუბრობს სიცოცხლის მოსპობის მუქარაზეც. ქალს პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან, როგორც ამბობს, მას ემუქრებოდნენ.

"შავი მანქანა იყო დაბურული შუშებით. ძლიერი სიგნალი მისცა. მე შემეშინდა და სხვა ქუჩაზე შევუხვიე. ამის შემდეგ წინა მხრიდან პიკაპი გადამიდგა. გადმოვიდა დიდი ტანის მამაკაცი. მკითხა, ვინ ვიყავი. მე ვუთხარი. ამის შემდეგ ორივე ხელი მომკიდა და შემაგდო მანქანაში. იქ დამხვდა შალვა ლომსაძე, რომელიც ახალქალაქის პოლიციის უფროსია. მან მითხრა: ხომ გითხარი, დადგებოდა დღე, როცა ჩვენ ერთად ვიქნებოდითო. ვკითხე, რას გულისხმობდა. მიპასუხა, რომ ჩვენ სექსუალური კავშირი გვექნებოდა. ის ყელში მწვდა. მე ვერ ვსუნთქავდი, რადგან გულზე პრობლემები მაქვს. მე მას შევეწინააღმდეგე და ხელი გამიშვა. მერე მუცელში ჩამარტყა. ახალნაოპერაციები ვიყავი. თვალებში დამიბნელდა. მერე ჩემი ჩანთა აიღო, რომელშიც ოქროულობა და ფული მედო. თითიდან ბეჭედიც მომხსნა და წამართვა. შემდეგ ვიღაცას დაურეკა და უთხრა, რომ ქალაქში კამერები გაეთიშათ, რადგან სადღაც უნდა წავეყვანე. 

ასპინძისკენ დაიძრა. იქ გზაზე თეთრი ჯვარია. იქ გაჩერდა. ამის შემდეგ მე ვიღაც თეიმურაზთან და გიორგისთან ერთად გავაგრძელე გზა. რაღაც ადგილას მივედით, ჩემთვის უცნობი ადგილი იყო. დაიწყეს რეკვა, სად უნდა მივეყვანე. ჩანთაში ყოველთვის მიდევს ფრჩხილების პატარა მაკრატელი. ამოვიღე შეუმჩნევლად, ერთ-ერთს მხარში ჩავარჭვე და მანქანიდან გადმოვხტი. მოვახერხე და ჩემს მაზლთან დარეკვა შევძელი". - ყვება მინა მკოიანი. 

მისივე თქმით, ამის შემდეგ შალვა ლომსაძემ მის ქმარს ინსტაგრამზე მისწერა, რომ აქვს ფოტოები და ვიდეოები და რომ ყველას აჩვენებს. 

"ის წერდა და პროვოცირებას აგრძელებდა. სხვადასხვა ექაუნთიდან გვწერდა, შემდეგ კი ამ პროფილებს შლიდა". - ყვება ქალი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს არც არტურ მკოიანის დაკავებაზე, არც მინა მკოიანის მხრიდან გაცხადებულ ბრალდებებზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.


close დახურვა