logo
ENG



არქიმანდრიტი ილარიონი: დავითგარეჯის კომპლექსში გადაადგილება 2019 წლის ზაფხულიდან გართულდა

10 ოქტ 202017:51
3 წუთის საკითხავი
 

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი ილარიონი ფორმულასთან ამბობს, რომ სამონასტრო კომპლექსის იმ ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანის მხარეს არის მოქცეული, გადაადგილება 2019 წლის ზაფხულიდან გართულდა. 

2019 წლის 22 აპრილს დავითგარეჯში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა და თქვა, რომ "სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს". 

"დღევანდელი მდგომარეობა დადგა 2019 წლის ზაფხულიდან. მანამდე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა თავისუფლებით იყო გადაადგილება. 2005 წლამდე საერთოდ არაფერი იყო შეზღუდული და თავისუფლად მივდიოდით ყველგან, თვით ბერთუბნის მონასტერშიც კი. არც ჩვენი მესაზღვრეები იყვნენ და არც იმათი. ჩვენებს მონასტრებს მიღმა ჰქონდათ სექტორი და პატრულირებდნენ, დღეს ის ტერიტორია აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება". - თქვა არქიმანდრიტმა ილარიონმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო საზღვარი აუცილებლად უნდა დადგინდეს, ეს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ინტერესებში შედის. თუმცა, საქართველოს არ აქვს პრეტენზია საუკუნეების წინანდელ ტერიტორიებზე. 

"ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა შესრულდეს ის, რაზეც ხელია მოწერილი როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის მხრიდან". - ამბობს არქიმანდრიტი ილარიონი. 

საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის ნაწილია განსაზღვრული - 446 კილომეტრიანი ზოლის 294 კილომეტრი. გადაუწყვეტელი რჩება საზღვრის ის ნაწილი, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე გადის.

1921 წელს, როცა აქ საზღვარი გაივლო, ქართველმა ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ქვემო ყარაის ველი დაუთმეს. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 მონასტრიდან 3 - ბერთუბანი, ჩიჩხიტური და უდაბნო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე -  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მხარეების დროებითი შეთანხმების საფუძველზე, პირობითი საზღვარი გავლებული იქნა ისე, რომ სამონასტრო კომპლექსის ყოველდღიური ცხოვრება არ შეცვლილა. 

თუმცა, ჯერ 2012 წლის მაისში, 2 კვირით, შემდეგ კი 2019 წლის აპრილში, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ამ ნაწილთან მისასვლელი გზა გადაკეტეს ისე, რომ საქართველოდან მომლოცველებს იქამდე მისვლა არ შეუძლიათ. 

დავით გარეჯთან, აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე კომისია 1994 წლიდან მუშაობს. მისი წევრები არიან როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის წარმომადგენლები. 

2020 წლის 7 ოქტომბერს კი პროკურატურამ დააკავა კომისიის ქართული ნაწილის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა. გამოძიება მათ არასწორი რუკის გამოყენებას ედავება, "რის გამოც საზღვრის საკითხი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ წყდება".

თუმცა, როგორც დაკავებულები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მომხდარს მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს. 

ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან, გადაარჩინეს საქართველო და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები". 

წინა ხელისუფლების წარმომადგენლების "დანაშაულზე" ლაპარაკობს პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში დავითგარეჯის კომპლექსის კიდევ ერთი არქიმანდრიტი კირიონი. 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი".


close დახურვა