ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 19 ოქტომბერს უნდა იცოდეთ
შაქარაშვილის საქმე - ნაფიცი მსაჯულების არჩევა
შაქარაშვილის საქმეში გატაცების მუხლით ბრალდებული სამი პირის - გაგნიძის, ჩიქოვანისა და რევაზიშვილის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა გორის რაიონულ სასამართლოში დღეიდან დაიწყება. დაცვისა და ბრალდების მხარეებს 12 ნაფიცი მსაჯულის შესარჩევად 90 დღის ვადა ექნებათ.
ადვოკატი ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, სამიდან არც ერთი ბრალდებული არც მოსამართლეს და არც გამოძიებას არ ენდობოდა, რაც ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მიზეზია.
გატაცების მუხლით ბრალდებული სულ 6 პირია, მათგან სამის საქმეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში კვლავ მოსამართლე განიხილავს.
უნივერსიტეტებში სწავლა განახლდა
დღეიდან უნივერსიტეტებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება. როგორც სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა სასწავლო წლის დასაწყისში ყველა უნივერსიტეტი გადაამოწმა და მათზე გაცემულია ნებართვა.
მათივე თქმით, ყველა ის სივრცე, რომელიც სტუდენტებს 19 ოქტომბერს გახსნილი დახვდებათ, იქნება უსაფრთხო და თითოეული მათგანის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული.
სტუდენტები პეტიცია კავკასიის უნივერსიტეტში
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ონლაინ სწავლისა და გამოცდების ჩატარების მოთხოვნით პეტიცია შეადგინეს. როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის გამოცდებზე და სწავლაზე მეტად პრიორიტეტული თავიანთი და სხვების ჯანმრთელობაა. როგორც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი - მარიამ ნაცვლიშვილი აცხადებს, კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს ქვეყანაში მიმდინარე ეპიდემია და სტუდენტებს მისცეს საშუალება საფრთხის ქვეშ არ დააყენონ თავიანთი და სხვების ჯანმრთელობა.
თუმცა, როგორც უნივერსიტეტის თვითმმართველობაში აცხადებენ, უნივერსიტეტი სრულად უზრუნველყოფს სტუდენტების უსაფრთხოებას და იმ შემთხვევაში თუ, რომელიმე სტუდენტს სიცხე დაუფიქსირდება, უნივერსიტეტი შესაბამის ზომებს მიმართავს.
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტს განაგრძობენ. როგორც ერთ-ერთი სტუდენტი - ლუკა კამკამიძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში სწავლა ოფიციალურად დაიწყო, სტუდენტები ლექციებს და სემინარებს არ დაესწრებიან. მისი თქმით, ეს პროტესტი გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა.
როგორც სტუდენტი აღნიშნავს, მათ უნივერსიტეტი აუდიტორიებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მათ გაცდენად ჩაეთვლებათ. სტუდენტების განცხადებით, მათ არ სურთ საფრთხის ქვეშ ჩააგდონ საკუთარი თავი და სხვები მაშინ, როცა სწავლის პროცესის ონლაინ გაგრძელება შესაძლებელია.
ბიზნესის სექტორის აქცია პარლამენტთან
სამუშაო ადგილების დაბრუნების მიზნით, სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. როგორც სათამაშო ბიზნესის ერთ-ერთი წარმომადგენელი, თამარ ორმოცაძე აცხადებს, თბილისში მსგავსი აქციები პერმანენტულად გაგრძელდება და მათ მთავარ მოთხოვნას ხელისუფლების ყურადღების მიქცევა წარმოადგენს. მისი თქმით, 8 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აღნიშნული ბიზნეს სექტორი გაუსაძლის მდგომარეობაშია და მომუშავე პირებს მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვთ და არსებობა უჭირთ.
ელისაშილის ბრიფინგი ოზურგეთში
ალეკო ელისაშვილმა ოზურგეთში დაავადებათა კონტროლის ცენტრის წინ პარტია „მოქალაქეების” გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ოთარ ქერქაძესთან ერთად ბრიფინგი გამართა.
ელისაშვილმა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის მართვის არასწორ პოლიტიკაზე ისაუბრა და გააკრიტიკა ხელისუფლება ქვეყანაში პანდემიის მეორე ტალღისთვის, სრულიად მოუმზადებელი ვითარების გამო.
ოთარ ქერქაძემ ოთხპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, რომლის დაუყოვნებლივი განხორციელება ერთადერთ რეალურ გზად მიაჩნია პარტია მოქალაქეების ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელს და გურიის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატს, რომ შექმნილ ვითარებას ქვეყანამ თავი მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგით დააღწიოს.
ლეიბორისტული პარტიის შეხვედრა გურიაში
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი წინასაარჩევნოდ ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე შალვა ნათელაშვილმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და იმედი გამოთქვა, რომ ინტელექტუალური გურული ხალხი 31 ოქტომბერს, არჩევნებზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებს.
„ერთიანი საქართველოს " მაჟორიტარობის კანდიდატი ქობულეთში
ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად აგრძელებს რეგიონებში მხარდამჭერებთან შეხვედრას. პარტიის ლიდერმა ქობულეთში მხარდამჭერებს მაჟორიტარობის კანდიდატი ხვიჩა გამარჯობაძე წარუდგინა. შეხვედრაზე საუბარი პანდემიის დროს ჩავარდნილი ტურისტული სეზონზე, აღებული კრედიტებზე და პრობლების მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
„სტრატეგია აღმაშენებლის" შეხვედრა მოსახლეობასთან
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ისნის მოსახლეობას გიორგი ვაშაძე პრობლემებსა და საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა. გიორგი ვაშაძის თქმით, ის ქართველი ხალხის ეკონომიკურ მდოგმარეობას გააუმჯობესებს და სწორედ ამიტომ, 31 ოქტომბერს მოქალაქეებმა „სტრატეგია აღმაშენებელი“ უნდა შემოხაზონ.