logo
ENG



არჩევნებამდე 18 დღით ადრე ეს ამბები უნდა იცოდე

13 ოქტ 202009:22
3 წუთის საკითხავი
 
kgqfdww884yq8hl.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 13 ოქტომბერს უნდა იცოდეთ

 

დავით გარეჯის საქმის მთავარი მოწმე დღეს პრესკონფერენციას გამართავს

ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი უკვე საქართველოშია. დაკავებული კარტოგრაფების ადვოკატებს აინტერესებთ, რა ინფორმაციას გაავრცელებს ის, თუმცა დარწმუნებულები არიან რომ ხიდაშელის განცხადებები დაკავებულების ბრალეულობას ვერ დაადასტურებს. ადვოკატების შეფასებით, ბიზნესმენი მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებდა.

დღესვე დაკავებული კარტოგრაფების ინტერესების დამცველები პროკურატურაში მივლენ, სადაც საქმის მასალებს დეტალურად გაეცნობიან. „გიორგი თარგამაძის ფორმულას” წყაროს ცნობით, დავით ხიდაშელმა რუსეთიდან მოიპოვა ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც თავდაცვის სამინისტრომ პროკურატურას მიაწოდა და სწორედ ამ რუკების საფუძველზე დააკავეს ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. წყაროსვე ცნობით, ეს რუკები ბიზნესმენმა რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა.

 

პროკურატურამ ნოღაიდელი გამოკითხა

პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკითხვა დაიწყო. უკვე გამოიკითხა ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ამ თანამდებობას 2005-2007 წლებში იკავებდა. თვითონ ნოღაიდელი ფორმულა ნიუსთან საუბრისას, პროკურატურაში გამოკითხვას ადასტურებს და ამბობს, რომ დამატებით ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაავრცელებს. 

მისი გამოკითხვის თარიღს უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუმცა ამბობენ, რომ გამოძიების დაწყებიდან დღემდე 60-მდე პირია დაკითხული. დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა რამდენიმე დღის წინ დააკავა. მათ გამოძიება ქვეყნის საზღვრის საზიანოდ მონიშვნასა და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის უცხო ქვეყნისთვის გადაცემას ედავება. თუმცა პროკურატურას ამ დრომდე არ დაუკონკრეტებია, რა მოტივით მოქმედებდნენ დაკავებულები.

 

ზეწოლა სკოლის დირექტორზე 

სამსახურიდან გათავისუფლებული დირექტორი კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს. ქსნის საჯარო სკოლის დირექტორი - დოდო ჭოტორლიშვილი - ინფარქტის ნიშნებით თბილისის ნიუ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისი შვილი დედის თანამდებობიდან გათავისუფლებას საკუთარ პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. ბექა ლელუაშვილი ამბობს, რომ დედამისზე ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ის კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბში მივიდა და პროცესში ჩაერთო. ქსნის საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ქსნის სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივ დავაში საზოგადოებრივი პლატფორმა 20/20 ჩაერთვება. მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ განათლების სამინისტროს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების გამოკვლევას და შეფასებას დაიწყებენ. ორგანიზაცია პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებს.

 

ედისონ რისერჩის” ახალი კვლევები

მოქალაქეებს ოლიგარქიული მმართველობის დასრულება სურთ, - ასე აფასებს ოპოზიცია ფორმულას დაკვეთით ჩატარებულ ედისონ რისერჩის კვლევას. მმართველი პარტიის ოპონენტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლები ოპოზიციურად არიან განწყობილი. ოპოზიცია ელის რომ არჩევნებზე პოზიციას მოქალაქეების უმეტესობა გამოხატავს.

ედისონ რისერჩმა პარტიების პოლიტიკური რეიტინგები გამოიკვლია. კითხვაზე - საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? 36%-მა ქართული ოცნება დაასახელა, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არის - 24%, ერთიან ნაციონალურ მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას მხარს 17% უჭერს, ევროპულ საქართველოს - 5%, გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელს - 4%, ლეიბორისტული პარტიას 3-ი, ასევე 3% უჭერს მხარს პატრიოტთა ალიანსს. გირჩსა და ლელოს გამოკითხულთა 2-2% ასახელებს, ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებს, ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა ერთიან საქართველოსა" და ირაკლი ოქრუაშვილის პარტია "გამარჯვებულ საქართველოს" კი თითო-თითო პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ. 

 

ხელვაჩაურის მერის შეურაცხყოფა ჟურნალისტს

ხელვაჩაურის მერის მხრიდან ონლაინ გამოცემა „ბათუმელების" ჟურნალისტის სიტყვიერ შეურაცხყოფას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აფასებს. ქარტია მმართველ გუნდს შემთხვევის შესწავლისკენ მოუწოდებს, რადგანაც მომხდარს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხად მიიჩნევს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მედიაზე თავდასხმის რისკების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და თავისუფლებაზე სწორედ ხელისუფლებამ იზრუნოს. "ბათუმელების" ინფორმაციით, ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება წინასაარჩევნო შეხვედრებზე სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილების შესახებ ჟურნალისტის შეკითხვას მოჰყვა. კითხვის მოსმენის შემდეგ ჯუმბერ ვარდანიძემ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

 

„ფლანგვის დეტექტორის" ახალი კვლევა

ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის მიერ დაფუძნებული ახალგაზრდების სააგენტოს შესახებ კვლევას ფლანგვის დეტექტორი აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს სააგენტო ადრეც არსებობდა, თუმცა განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო. მამუკა ბახტაძემ კი, 20 ივნისის აქციების შემდეგ ხელახლა დააფუძნა და მთავრობას დაუქვემდებარა. ფლანგვის დეტექტორში ამბობენ, რომ სააგენტოს ხელმძღვანელი, რევაზ ჩარკვიანი 2018 წელს შსს-ში შტატგარეშედ მუშაობდა და ბახტაძის მრჩეველი იყო ახალგაზრდობის საკითხებში. „ახალგაზრდობის სააგენტოს" 3 წლის განმავლობაში 14 მილიონზე მეტი ლარი გადაერიცხა.


close დახურვა