ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 6 ოქტომბერს დილიდან უნდა იცოდეთ
ევროკავშირის განცხადება
სამწუხაროა, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის მოსაზრების გამოქვეყნებას - ეს განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესმდივანმა გაავრცელა. ამით ის პარალმენტის მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევის წესის შესახებ 30 სექტემბერს მიღებულ კანონპროექტს ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება მოსამართლეების შერჩევის პროცედურაში არსებული ხარვეზებზე და ამ ხარვეზების გამოსწორებისკენ საქართველოს არაერთხელ მოუწოდეს.
ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, ხალხის მეტი ნდობა მოეპოვებინა მართლმსაჯულების მიმართ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი პრესმდივნის ამ განცხადებას ეხმიანებიან თბილისში. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაუგებარია თუ რატომ არ დაელოდა პარლამენტი ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას.
მეჭიაურის მძღოლის გამოკითხვა
გვიან ღამემდე იყო პოლიციაში გამოკითხვაზე თამაზ მეჭიაურის მძღოლი, გიორგი ხუმარაშვილი. მან უწყებას ინფორმაცია ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნის ზურაბ ბექაურის შესასებ მიაწოდა. ხუმარაშვილის თქმით ბექაური მასზე ერთი წლის განმავლობაში ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა, თამაზ მეჭიაურის გადაადგილებაზე ინფორმაციის მიწოდებას სთხოვდა, ხოლო რამდენიმე კვირის წინ ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ბექაური, ხუმარაშვილის სახლთან გვიან ღამით ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა დედის თანდასწრებით მიაყენა. გიორგი ხუმარაშვილის თქმით მას ინციდენტის შემდეგ ბექაური ემუქრებოდა. რის გამოც ზეწოლას ვერ გაუძლო და თვითმკვლელობა სცადა.
2021 წლის ბიუჯეტი
2021 წლის ბიუჯეტს დღეს პარლამენტში კომიტეტებსა და ფრაქციებში განიხილავენ. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული პენსიებისა და ხელფასების ზრდა ფარსია, რადგან გადასახადებიც და სხვადასხვა პროდუქტებიც გაძვირებულია. ისინი დოკუმენტს ბიუროკრატიულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ბიუჯეტი არაპროფესიონალურად და უპასუხისმგებლოდ არის შედგენილი, მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს კი არ ასახავს.
„სამართლიანობისთვის“ საარჩევნო შტაბი სამგორში
ეკა ბესელიამ სამგორის რაიონში საარჩევნო შტაბი გახსნა. შტაბის გახსნას პარტიის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ დარსაველიძეც ესწრებოდა. მისი თქმით, ის ადგილობრივების პრობლემებს ეტაპობრივად ეცნობა. პარტია სამართლიანობისთვის თავმჯდომარის განცხადებით მაჟორიტარობის კანდიდატი შეძლებს, პარლამენტში სამგორის მოსახლეობის ინტერესები დაიცვას.
ვაშაძის შეხვედრა მოსახლეობასთან
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გუნდთან ერთად ელიას მთაზე მოსახლეობას შეხვდა. გიორგი ვაშაძემ მათ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტიის პროგრამა წარუდგინა. ვაშაძე ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და მათ ქვეყანაში არსებული გაჭირვების დაძლევის გზებზე ესაუბრა.