logo
ENG



არჩევნებამდე 30 დღით ადრე ეს ამბები უნდა იცოდე

01 ოქტ 202009:16
3 წუთის საკითხავი
 
ufdmci95y4xu4rp.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 1 ოქტომბერს დილიდან უნდა იცოდეთ


მარნეულის ინციდენტი

მარნეულში მომხდარ მოვლენებს, მარნეულში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები ეხმაურებიან. კანდიდატები ინციდენტის ორგანიზატორად ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს ზაურ დარგალს ასახელებენ.

მათი თქმით, ერთადერთი გამოსავალი, რითაც შესაძლოა სიტუაცია დაბალანსდეს, მისი კანდიდატურის მოხსნაა. საპირისპიროს ამტკიცებს მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი. ზაურ დარგალი დაპირისპირებაში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ადანაშაულებს.

 

კობახიძის მუქარა

გისოსებს მიღმა ყოფნასა და დაკავებებზე ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციურ პარტიებში ეხმაურებიან. ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ნიკა მელია, კახა ოქრიაშვილი და აჰმედ იმამკულიევი თავიანთ ოლქებში „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატებს პირველივე ტურში დაამარცხებენ.

მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის ისინი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ და სწორედ ამიტომ ემუქრება კობახიძე მათ დაპატიმრებით.

 

,,ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა 

დღეს გახდება ცნობილი რას დაპირდება ქართული ოცნება მოსახლეობას. მმართველი პარტია საზოგადოებას საარჩევნო პროგრამას წარუდგენს. როგორც ცნობილია, პრეზენტაციას „ქართული ოცნების“ ლიდერები, საარჩევნო სიის წევრები, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და მინისტრთა კაბინეტი დაესწრება. როგორც გია ვოლსკი აცხადებს, მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამა ქვეყნისა და მოსახლეობის მოთხოვნილებებზე იქნება მიმართული. ვოლსკიმ ოცნების საარჩევნო სიაზეც ისაუბრა. 

 

აქცია ფოთის საოლქო კომისიასთან

სოლიდარობის აქცია გაიმართა ფოთის 70-ე საოლქო კომისიასთან. ოლქის წინ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ამით ისინი მარნეულში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ. მათი თქმით ისინი ყველანაირ ძალადობას გმობენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საოლქო საარჩევნო კომისიებში იდენტური მდგომარეობაა. კომისია ფუნქციას ვერ ასრულებს და იგი დამოუკიდებელი არაა. ოპოზიციის ბრალდებებს ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოეხმაურა და მას უსაფუძვლო უწოდა.

 

ხმაური ზუგდიდის საარჩევნო უბანთან

მეორე დღეა ხმაურია ზუგდიდის N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოლქში მათ არ უშვებენ, რამდენიმე დღის წინ კი, უცხო პირები, რომლებსაც საშვები არ ქონდათ, N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიიდან ამომრჩეველთა სიები გამოჰქონდათ. ოპოზიციის ამ ბრალდებას ზუგდიდის N67-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი გამოეხმაურა და საარჩევნო ადმინისტრაცია, „ნაციონალური მოძრაობიდან“ კომისიის წევრებს, სამუშაო პროცესის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.მირანდა მესხის ინფორმაციით, მიუხედავად ოპოზიციური პარტიის მიზანმიმართული პროვოკაციის მცდელობისა, საარჩევნო უბნებზე, პირველი სხდომა უკვე ჩატარდა. მესხის განმარტებით, ზუგდიდის N67-ე ოლქში შემავალი 107 საარჩევნო უბნიდან 104 გახსნილია.ასევე, ენმ-დან საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს პროტესტის ნიშნად დღეს, ხელი არ მოაწერეს.

 

ISFED-ის ანგარიში

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, წინასაარჩევნოდ სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიშს წარადგენს. ანგარიშში წერია, რომ ფეისბუქის ანგარიშებისა და ფეისბუქ-პოსტების მეშვეობით სხვადასხვა პარტიის, მათი წევრების, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობა მიმდინარეობს.

ISFED

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებული პოლიტიკურ პარტიებზეც არის, როგორც „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე ფორმულა-ნიუსთან საუბრისას განმარტავს, წინასაარჩევნოდ შექმნილია ფეისბუქ გვერდები, როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე ქართული ოცნების დისკრედიტაციის მიზნით.


,,ლელოს" საარჩევნო სია

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის" საარჩევნო სიის 30 კანდიდატი წარადგინა. სიის პირველ ნომრად პარტიის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეა, მეორე - ბადრი ჯაფარიძე.

მას კი დავით უსუფაშვილი მოჰყვება. კვოტირების წესების მიხედვით, პარტიის სიის ყოველი მეოთხე კანდიდატი ქალია. პარტიულ სიაში გამოჩნდნენ ახალი სახეებიც. ლელოს დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის ლელოს კონკრეტული მიზანი და გეგმები გააჩნია.

 

ნინო ბურჯანაძე ამომრჩეველთან

ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნოდ მთაწმინდის მოსახლეობას შეხვდა. ერთიანი საქართველოს ლიდერმა ამომრჩეველთან შეხვედრისას წინასაარჩევნო არაჯანსაღ გარემოსა და ძალადობაზე ისაუბრა. ბურჯანაძემ მთაწმინდის ამომრჩეველს განუმარტა, რატომ უნდა წავიდეს ყველა მოქალაქე 31 ოქტომბერს არჩევნებზე.


გახარია ბრიუსელში

ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული და საარჩევნო რეფორმები, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და საქართველოს ახალი როლი შავი ზღვის რეგიონში - ამ საკითხებზე პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიუსელში ვიზიტის დროს ისაუბრა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, პოზიტიურად შეფასდა საარჩევნო რეფორმა.


close დახურვა