"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხმაურება და მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის შეურაცხყოფად აფასებს.
როგორც სამადაშვილმა "ფორმულას" განუცხადა, ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობა აქვს დაკარგული და ეს ინსტიტუტი მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, პირად დავალებებს ასრულებს.
"სახელმწიფოს შეურაცხყოფაა. ნებისმიერი მოქალაქის შეურაცხყოფაა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა. ჩვენ უბრალოდ სასამართლო არ გვაქვს ქვეყანაში. ასეთი გამოთქმა არსებობს - კენგურუს სასამართლო, რომელსაც შეუმდგარ სახელმწიფოებში გამოიყენებენ. ასეთად ჩამოყალიბდა საქართველო ივანიშვილის ხელში", - ამბობს სამადაშვილი.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მმართველობა ოქტომბერში უნდა დასრულდეს.
"ქვეყანა, სადაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, დაწერილ მითითებას უგზავნიან მოსამართლეს, გააყალბებენ და ჩაუდებენ იარაღს ადამიანს - ეს რეალობა ოქტომბრის ბოლოს, არჩევნების გზით უნდა შევცვალოთ. ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება სახიფათოა ნებისმიერი მოქალაქისთვის - ეს არის რეალობა", - აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ სცნო და მას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.